ამერიკელი ექსპერტი უკვე მესამე პრეზიდენტთან იმყოფება. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი "ვივა მედში" შეუშვეს და ამერიკელი ფსიქიატრი უკვე 1 საათია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა. შესაძლოა, მან დამატებითი კვლევების ჩატარებაც მოითხოვოს.
კლინიკის ადმინისტრაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეაყოვნეს ამერიკელი ექსპერტი პასუხი არ აქვს. კლინიკაში ამბობენ, რომ თუ სასამართლოს მათთან კითხვები ექნებათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მზად არიან ითანამშრომლონ და ყველა ინფორმაცია მიაწოდონ.
"ჩამოსულები არიან საერთაშორისო დონის ექსპერტები გაეცნობიან ჩატარებულ მკურნალობას, კვლევებს და დადებენ დასკვნას. თუ სასამართლოს ექნება კითხვები ჩვენი მისამართით, მზად ვართ, ვუპასუხოთ",- ამბობს "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.
კლინიკა "ვივა მედში" იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც.
"კითხვები ბევრია, მაგრამ მთავარი 2 კითხვაა: არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და მეორე ხელს უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა სასჯელის მოხდაში. მაგრამ ამას დაახლოებით 100-მდე ქვეკითხვა აქვს. თუმცა მას აქვს სპეციფიკური ტესტები. ბოლო ამერიკული გაიდლაინებით შედგენილი ფსიქიატრიის, ვრცელი მასალა აქვს ჩამოტანილი. გარკვეული სამუშაო უკვე ჩაატარა, კერძოდ, გიული ალასანია და ოჯახის წევრები დისტანციურად კითხავდა ამ ხალხს, რამდენიმე დღე გრძელდებოდა, შეიძლება კვირაც და ახლა ბოლოს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს რეზიუმეს, რაც ჯამში აისახება "ემპათიას" გაცემულ დასკვნაში"- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
რამდენიმე წუთში კი კლინიკაში მივა გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიც. დღის განმავლობაში იგეგმება ექსპერტების ვიზიტი სპეციალურ საგამოძიებო კომისიაში, სადაც ისინი გაეცნობიან კამერების ჩანაწერებს, თუ როგორ ხდებოდა მესამე პრეზიდენტის გადაყვანა და რა მდგომარეობაში იყო მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 2 უცხოელი ექსპერტია ჩამოსული, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ექსპერტიზაში კიდევ 3 ექსპერტი ჩაერთვება. 2 მათგანისთვის დროებითი ლიცენზიის გაცემაზე ჯანდაცვის უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. მესამე კი საქმეში დისტანციურად ჩაერთვება.