თელავში, პიაცას მოედნისა და სასტუმრო ინტურისტის მშენებლობა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეწყდა. აშენებული შენობის დემონტაჟი დაიწყეს, თუმცა ბოლომდე არც ეს სამუშაო მიუყვანიათ, კარს ლოდი მიადგეს და აღარავინ გამოჩენილა.
სასტუმროს კანადური კომპანია აშენებდა, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნიდან გავიდა და ახლა საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივის. ახალმა ხელისუფლებამ კი თითქმის დასრულებული პროექტის დანგრევა დაიწყო, თუმცა სამუშაოები ვერ დაასრულა.
ეს თელავში ერთადერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ არ დაასრულა. სპორტის სასახლის მშენებლობაში, 2016-2017 წლებში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქ 2018 წელს საერთაშორისო ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რადგან შენობა ვერ დასრულდა, კახეთში სპორტსმენები აღარ ჩამოვიდნენ. ახლა კი 13 მილიონიანი კომპლექსი ისე ინგრევა, რომ არც გახსნილა.
თელაველები ამბობენ, რომ ბოლო რვა წელია ქალაქში აღარაფერი კეთდება . იღებენ დაპირებებს არჩევნების წინ, თუმცა არავინ იცის რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები რაში იხარჯება. თელაველების ერთ-ერთი მთავარი საწუხარი ბოლო წლებში შემცირებული ტურისტი და ადგილობრივი დამსვენებელიცაა
რატომ შეჩერდა ყველა ძველი პროექტი და თელავის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მთელი რვა წლით, ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. არც სახელმწიფო რწმუნებული და არც მისი მოადგილეები სამსახურში არ დაგვხვდნენ.
ქალაქის მერი "მთავართან" სატელეფონო საუბრისას კახეთში მიმდინარე პროექტებზე პასუხისმგებლობას იხსნის. კითხვაზე - აწუხებს თუ არა ქალაქის ცენტრში ჩამონგრეული ინტურისტის შენობა, ამბობს რომ დემონტაჟის უახლოეს მომავალში დასრულდება.