გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმში რუსული კერძო სკოლა გაიხსნა, რომელშიც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოთი ასწავლიან. გამოცემა წერს, რომ სკოლა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
"School club georgia", "სკოლის კლუბი", "развивающие занятия" - სკოლის შესასვლელ კარებზე გაკრულ ბანერზე ასეა მითითებული. თუმცა სკოლის მასწავლებლები, ასევე დირექტორი, ნატალია გეორგიევა, კერძო საუბარში ადასტურებენ, რომ დაწესებულება არა სასკოლო კლუბი ან განმავითარებელი ცენტრი, არამედ კერძო რუსული სკოლაა. ბათუმელები წერს, რომ ოფიციალური კომენტარისას გეორგიევა უარყოფს, რომ ეს დაწესებულება სკოლაა.
სკოლა რუსულენოვან მოსწავლეებს პირველიდან მეშვიდე კლასამდე სწავლებას სთავაზობს
გამოცემის ცნობით, მათ უთხრეს, რომ სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. მათივე თქმით, თითოეულ კლასში 7, 8 ბავშვია, ხოლო სწავლა ბათუმში თვეში 750 ლარი ღირს, თბილისში – 800 ლარი.
ამ რუსული სკოლის თბილისის ფილიალი წელს ანა პოლიტკოვსკაიას #6-შიც იხსნება.
ბათუმელების კითხვას, რა ფორმითაა ეს რუსული საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში რეგისტრირებული, სკოლის დირექტორი, ნატალია გეორგიევა არ პასუხობს. ასევე არ პასუხობს კითხვას, რომელი ქვეყნის მოქალაქეა თავად.
ბათუმელების მიერ გამოთხოვილი საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევა“ 2019 წელს დაურეგისტრირებია. სკოლის დირექტორი ბათუმში, ფალიაშვილის №4-ში მდებარე მშენებარე კორპუსში 263.18 კვ/მ ფართობის მესაკუთრეა.
სკოლის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერია, რომ მოსწავლეებს სთავაზობენ:
სკოლის ოფიციალური პარტნიორია რუსეთში მოქმედი ორგანიზაცია ЦПСО - საოჯახო განათლების მხარდამჭერი ცენტრია.
გამოცემამ საქართველოს განათლების სამინისტროს ჰკითხა, ხომ არ მიმართა სკოლამ სახელწოდებით – School club georgia ავტორიზაციისთვის. უწყებაში განმარტეს, რომ ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევას“ სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნით არ მიუმართავს.
ფოტო: ბათუმელები