პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში, ე.წ. "პალმის კუნძულის" პროექტი წარადგინა. პრეზენტაციისას მან კვლავ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკნომიკურ წინსვლას", - თქვა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, "ეს პროექტი სრულად შეესაბამება ეკოლოგიურ სტანდარტებს".
ჩვენ დღეს ქვეყანაში გვჭირდება ასეთი პროექტების განხორციელება. დიდი, მასშტაბური პროექტების განხორციელება... ის ფაქტი, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა ასეთი მასშტაბური პროექტის დაწყება და განხორციელება, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დღეს საქართველოში არის უნიკალური პირობები შექმნილი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მაშინ, როცა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მთელი მსოფლიო დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, - თქვა ღარიბაშვილმა.
მანამდე კი, ივლისის ბოლოს, მთავრობამ, ბათუმში, შავ ზღვაში ხელოვნური "პალმის კუნძულის" პროექტს „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა. ცვლილება მთავრობის დადგენილებაში „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ შევიდა.
"შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაო" - განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიას დაემატა.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაზემ ბათუმში პალმის ფორმის კუნძულის მოწყობა 2021 წლის სექტემბერში დააანონსა.