მთავრობამ მოლაპარაკებები დაასრულა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, რომელებთანაც საზღვრებს გახსნის. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
სხდომაზე განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის მიხედვით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა საერთოდ არ გახსნეს საზღვრები, ზოგგან კი სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.
მიღებულ გადაწყვეტილებებზე განმარტებები მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში გაკეთდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში და გასცა რეკომენდაცია, მათთვის საზღვრის შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთავრობამ საზღვრების გახსნის თაობაზე ორმხრივი მოლაპარაკებები აწარმოა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, და ესტონეთი, - განმარტავს ჩიქოვანი.
მისივე თქმით, საქართველო აკვირდება გლობალურ სურათს და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო თითოეულ ნაბიჯს დიდი სიფრთხილით დგამს.
აღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი მიზეზით, პირდაპირი საჰაერო რეისებით შეეძლებათ.
საზღვრის გადმოკვეთამდე საქართველოში ჩამოსვლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა. მათ ასევე უნდა წარმოადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია.
საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის დროს თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურა, აეროპორტში ვიზიტორებს PCR ტესტი ჩაუტარდებათ.
სავალდებულო ტესტირებასა და კარანტინს კი გაივლიან ის პირები, ვისაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ექნებათ ევროკავშირის არაწევრ მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.