მრავალეროვნული სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2022“ დასრულდა

გამოქვეყნდა:

მრავალეროვნული სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. საქართველომ ღონისძიებას წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა. 

პრემიერმა ღარიბაშვილმა დასკვნით ღონისძიებაზე სწავლებაში ჩართულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი  ნაბიჯია ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად. 

მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა.

ღონისძიება სწავლების მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით - „ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.

ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი