პოლიტპატიმრობის 5 თვე და "მთავარის" 3 მთავარი წელი | მაიკო ლომიძის ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან

გამოქვეყნდა:

აქ მთავარი ხართ თქვენ! - უკვე სამი წელია ამ ტელევიზიიდან ყოველდღიურად ისმენთ ამ მოწოდოებას, და ეს ჩვენთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ ცარიელი სიტყვები.

ამ წლების განმავლობაში იყო არაერთი კრიზისი, გამუდმებული ბრძოლა გადარჩენისთვის, იყო იმედგაცრუებაც, შეიძლება იყო წყენაც და შეიძლება იყო გაურკვევლობებიც. მაგრამ ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არასდროს ეჭვი არ შეუტანია იმ საქმეში, რასაც აკეთებს, ემსახუროს სიმართლეს, იყოს თქვენი ხმა და ებრძოლოს უსამართლობას.

2 დღის წინ "მთავარი არხი" სამი წლის გახდა. არავისთვის საიდუმლო არაა ის მძიმე კრიზისი, რომელშიც არხი იმყოფება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწია საკუთარ შესაძლებლობებზე ზევით დადგომა, ისე რომ მთლად ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით, იქნებოდა თუ არა სამი წლისთავზე არხი ეთერში. მაგრამ, როგორც ხედავთ, აქ ვდგავართ და სხვაგვარად არც ძალგვიძს. 

ბევრი ჩვენგანი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ ნულიდან ამ ტელევიზიის შექმნა, დღეს აღარ არის ამ გუნდში, მაგრამ მადლობის მეტი მათთვის არაფერი გვეთქმის. თუ ვინმე განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს, ეს თქვენ ხართ. ჩვენი მაყურებელი.

სწორედ თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ ვიღაცას სამსახური ჰქონდეს. ამ რთული თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი რიცხავდა ფულს "მთავარი არხის" გადარჩენის ფონდში. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ეს პატარ-პატარა დახმარებები ამ რთულ დროს. ბევრი სიტყვით გვამხნევებდა, და აი ამ თანადგომით ჩვენ და თქვენ ერთად გავაკეთეთ ის, რომ ეკრანი რომელსაც თქვენ უყურებთ - არ ჩაქრა. ასე რომ დიახ, ეს თქვენი დამსახურებაცაა. 

მაგრამ არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ მადლობა ეკუთვნის, და რომელიც სწორედ "მთავარი არხის" გამო აღმოჩნდა ივანიშვილის რეჟიმის მძევალი. უკვე მეხუთე თვეა ნიკა გვარამია ხელისუფლების დაკვეთით, ციხეშია გამოკეტილი. მაგრამ მისი სიტყვები ციხიდანაც, მიკროფონის, ეთერის და ტრიბუნის გარეშეც კი ისევე ომახიანად ისმის, როგორც აქამდე -  ჩვენ ერთად მოვიპოვებთ თავისუფლებას. ბევრი რომ აღარ გავარძელოთ, დანარჩენს თავად ნიკა მოგიყვებათ ციხიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი