განგაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. დიპლომატიურ უწყებაში სამუშაო დღის ბოლოს გამნაღმველები, სპეცრაზმი, კინოლოგები და პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იყო გამოძახებული. კრიზისის მიზეზი გახდა უცნობი ჩანთა, რომელიც საელჩოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა, საეჭვოდ გამოიყურებოდა და სპეციალური დეტექტორი მის შიგთავსზე მწვავედ რეაგირებდა.
სპეცოპერაცია საელჩოში რამდენიმე საათს გაგრძელდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს, როგორ გამოიტანეს სპეციალურ ეკიპირებაში ჩაცმულმა განმნაღმველებმა შავი ჩანთა შენობიდან. "მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ კადრებში კი ასევე მკაფიოდ ჩანს, როგორ ტოვებენ საელჩოს თანამშრომლები.
რა აღმოჩნდა საბოლოოდ ჩანთაში უცნობია. კონკრეტული განმარტებები არ კეთდება, თუმცა საელჩო ოფიციალურად მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს.
სუს-ში კი პირად სატელეფონო საუბარში ადასტურებენ, რომ მათთან შეტყობინება დიპლომატიური უწყებისგან შევიდა.