
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბული ვითარება იყო შეხვედრის მთავარი თემა ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სხდომაზე. აუდიენციას ვლადიმერ პუტინი ონლაინ-რჟიმში ესწრებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დენის გონჩარმა განაცხადა, რომ რუსეთი ვითარების სტაბილიზაიისთვის ყველა ნაბიჯს დგამს, თუმცა ევროკავშირი ხელს უშლის ამ სამუშაოს და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლის შესუსტებას ცდილობს.
სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სომხეთში ორგანიზაციის გენერალური მდივანი, სტანისლავ ზასი გაემგზავრება და ვითარების დარეგულირებისთვის სპეციალური ჯგუფიც შეიქმნება.
"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სიტუაციის შესაფასებლად სომხეთში გაგზავნის მისიას გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით. მისიის ამოცანა იქნება კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შეფასება, ქვეყნების ლიდერებისთვის ანგარიშის მომზადება და დაძაბულობის დეესკალაციის წინადადებების შემუშავება. მასში ასევე იქნებიან ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა იმავე დილით მიმართა რუსეთის ფედერაციას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაეროს უშიშროების საბჭოს.