ხორავას ქუჩის საქმე - მიხეილ კალანდიას ადვოკატი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასკვნით ფაზაში გადადის. დღეს მხარეებმა თავისი შემაჯამებელი სიტყვა უნდა წარმოთქვან.

არსებული ინფორმაციით, ბოლო სიტყვით გამოვა თავად ბრალდებულიც. მისი ადვოკატი ზურაბ თოდუა კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, რომელიც მოსამართლემ შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს.

„მე მოვიტან გამამართლებელი განაჩენის პროექტს, რომლითაც მოსამართლედა გაათავისუფლოს ობიექტურად მიდგომის შემთხვევაში კალანდია, რამეთუ მის მიმართ შეთითხნილია საქმე თავიდან ბოლომდე. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე პოლიტიკური დატვირთვებისგან იქნება თავისუფალი, აუცილებლად მიიღებს გამამართლებელ განაჩენს. მაგრამ თუ ეს იქნება ისევ პოლიტიკური კონიუნქტურებისგან  და ზეწოლის შედეგად განხორცილებული გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში მიიღებს წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ანუ რაც აქვს დროებითი საპარლამენტო კომისიისგან მიღებული გენერალურ პროკურატურას“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

დღევანდელ სასამართლო სხდომას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა არ ესწრება.

მიხეილ კალანდია სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. სარალიძე მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი