რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ისევ რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. დაახლოებით ორი ათასამდე მანქანა დგას რუსულ მხარეს.
საქართველოში შემომსვლელთა ნაკადმა განსაკუთრებით 21 სექტემბრის შემდეგ მოიმატა, მას შემდეგ რაც რუსეთში "ნაწილობრივი" მობილიზაცია გამოცხადდა. რუსული არმიის გასაძლიერებლად და უკრაინაში საბრძოლველად ცოცხალი ძალის მობილიზების მიზნით რუსეთი ცდილობს საკუთარი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინება შეაფერხოს.
Telegram-ის არხების ცნობით უახლოეს დღეებში ოფიციალურად აიკრძალება 18-დან 55-ტწლამდე მამაკაცების გასვლა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ოკუპანტი ქვეყნის მნიშვნელოვან დანაკარგს ამ ომში.
რუსეთის თითქმის ყველა საზღვარზე ათასობით ადამიანია თავმოყრილი. მათი თქმით არ სურთ უკრაინის ომში წასვლა და პუტინის პოლიტიკას და მობილიზაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
"არავის უნდა ომში წასვლა. რა თქმა უნდა, ეს მობილიზაციასთანაა კავშირში. რუსეთის მხარეს 30 საათი დგას ხალხი რიგში, მერე ნეიტრალურ ზონაში კიდევ 10 საათი. ათიათასი ადამიანი დგას ყოველდღიურად. ჩვენ ფეხით გამოვიარეთ 20 კმ 5 საათში"- ამბობენ საზღვარზე გადმოსული რუსეთის მოქალაქეები.
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა საზღვარს ფეხით კვეთს. "მთავარ არხს" ისინი უყვებიან, რომ დაახლოებით 18 საათის განმავლობაში იარეს ფეხით ლარსის გამშვები პუნქტის გადმოკვეთა და საქართველოში შემოსვლა.
რუსეთიდან შემოსული ადამიანების კომენტარები "მთავარ არხთან":
ერთ- ერთი მათაგანი ამბობს: "მიზანი რა უნდა იყოს, არ მინდა ომში წასვლა და არ ვეთანხმები რუსეთის პოლიტიკას. რუსეთის მხარეს ბევრი კითხვა არ დაუსვამს, მხოლოდ სად ვმუშაობ და სად ვცხოვრობ.
მათივე ცნობით, "35 საათი ვიდექი რიგში ვლადიკავკაზის მხარეს. ჩვეულებრივად გამოვიარე. ჩამოსვლის მიზეზს კომენტარის გარეშე დავტოვებ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.
რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს: "ჩემს შემთხვევაში მობილიზაციასთან კავშირი არ არის. მინდა, ბორჯომი და თბილის მოვინახულო. მე პოლიტიკით არ ვინტერესდები. ჩემს საქმეში ვარ ჩაფლული.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ცნობებით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვთ გავლილი, ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ.