კახა ბექაურს უნდა, რომ ყველაფერი აკონტროლოს ტელევიზიით დაწყებული, კომუნიკაციების კომპანიით დამთავრებული- აცხადებს ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მარეგულირებლის ახალ ინიციატივაზე და იმ კანონპროექტზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დრეს დაჩქარებული წესით განიხილავს.
საქმე ეხება ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებში დროებითი მმართველების დანიშვნას. მედიაექსპერტები ამ ყველაფერს ცენზურის დაკანონებისა და კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობად აფასებენ:
ბექაურის ბოდვები არ მაინტერესებს, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს ეს კანონპროექტი, წინააღდეგ შემთხვევაში საერთოდ ჩამოიშლება კომუნიკაციების ბიზნესი საქართველოში და მაუწყებლობისთვის ეს იქნება უსერიოზულესი საფრთხე - ამბობს ჯანგირაშვილი
კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დღეს პარლამენტთან მესამე სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადებაც გააკეთეს.
სამწუხაროდ წარმოდგენილი ცვლილებები აკანონებს ცენზურას, უსაფუძვლოდ ლახავს საკუთრების უფლებას და სასამართლოს გზით უფლების თავისუფალ რეალიზაციას. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია არჩევნებამდე 4 თვით ადრე ამგვარი კანონპროექტების ინიცირება" ამბობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი