"ვერც დავსაქმდი, ვერც საზღვარგარეთ წავედი და აქ ვარ მშიერი" - ოცნების 10 წელი ქუთაისისთვის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ათი წელი ქუთაისის მოსახლეობამ შეაფასა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ 10 წლის განმავლობაში ისინი განვითარებისა და პერსპექტივის გარეშე დარჩნენ.

მათივე თქმით, მძიმე სოციალური ფონი ყოველდღიურად უარესდება, რის გამოც, ხალხი იძულებულია, ქვეყანა დატოვოს და საზღვარგარეთ წავიდეს.  

"ქუთაისში ხალხი კი არ ცხოვრობს, დახოხავს მიწაზე ამას ცხოვრება ჰქვია? ნაგვის ურნებშია ხალხი თავით გადაყუდებული. მოვიდნენ ჩვენს გასაცამტვერებლად, ხალხის გასაქცევად, ოცნება ამიტომ ჰქვია, ის არის პუტინის ოცნება. უაზრო ოცნება მოუტანა ხალხს და გარეკა ხალხი აქედან, რისთვისაც მოვიდა ის ხუთიანზე გააკეთა - გაახარა პუტინი", - ამბობს მოქალაქე.

"რა ვიცი ვინმე არის კმაყოფილი ნეტავი? ვინც მისიანები არიან, ისინი იქნებიან კმაყოფილი" - თქვა ქუთაისში მცხოვრებმა.

"ხალხი აპათიაშია, იმედდაკარგულია, პრაქტიკულად, ყველას გაქცევა უნდა, ვინც ახერხებს გადის, ვინც ვერა, იძულებულია დარჩეს", - თქვა მოქალაქემ.

"ფაქტი სახეზეა, დინებაა, დაიცალა საქართველო ქართველებისგან. ის დაპირებები რაც იყო, ყველაფერი ბლეფი, მე ვერაფერი ვნახე. პენსიამდე ასაკის ვარ, ვერ დავსაქმდი, ვერც საზღვარგარეთ წავედი და აქ ვარ, მშიერი ვარ, დღესაც მშიერი ვარ და ქუჩაში ვარ", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები.

ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია და სპორტის სასახლის მშენებლობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის აშენებასაც ოცნება ქუთაისის მოსახლეობას დაჰპირდა, თუმცა სხვა უამრავ დაპირებასთან ერთად არც ეს შესრულებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი