მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გზები - სარფი ტურისტულ სეზონს ისევ მოუმზადებელი ხვდება

გამოქვეყნდა:

სარფი ტურისტულ სეზონს ისევ მოუმზადებელი ხვდება. სანაპირო ზოლი მოუწესრიგებელია, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუსრულებელი და პარკინგის ზონა მოუწყობელი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო ხუთი წელია სარფში დამსვენებელმა საგრძნობლად იკლო. მიზეზი, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ცენტრალური გზაა, სადაც ტრაილერების გადაადგილების დრო და წესები სრულიად უკონტროლო გახდა.   

სარფში არსებული პრობლემების ჩამონათვალი ვრცელია. სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის  მიტანილი ხრეშით ზღვამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩახერგეს. დამსვენებელი აქ ავტომობილის გაჩერებას და სანაპიროზე ჩასვლას წლებია ვეღარ ახერხებს. სამუშაოები იმდენად გაჭიანურდა, რომ ქვა-ღორღი გორად იქცა და ბალახი ამოვიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სანაპიროზე სამუშაოები წლების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტისთვის გამოყოფილი თანხა გაიფლანგა, ადგილზე მიტანილი მასალის ნაწილი კი მოიპარეს. 

კვარიათი-სარფის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მონაკვეთის აღდგენა–გამაგრებისა და ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით, რეგიონული განვითარების სამინისტრომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით პირველ ეტაპზე, 2013 წელს, 10 მილიონი გამოყო. ამის შემდეგ ბიუჯეტიდან კიდევ გამოიყო 30 მილიონი ლარი ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის. საბოლოო ჯამში პროექტისთვის 60 მილიონ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე დიდი ნაწილი არ დასრულებულა. ოპოზიცია ხელისუფლებას თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებს. 

ადგილობრივები შიშობენ, რომ წელს ტურისტული სეზონი ისევ ჩავარდება და სარფელები ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩებიან. როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება დუმს, არ აქვთ პასუხი, როდის დასრულდება სამუშაოები, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულებულიყო და აჭარლები უკვე ოთხი წელია ელიან. ან სად წავიდა ის 60 მილიონი ლარი, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის გზის, კვარიათი-სარფის მონაკვეთის სანაპირო ზოლის გასამართად გამოიყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი