ისნის რაიონში, ნავთლუღის 8 ნომერში მშენებარე ბაგა-ბაღის ისტორიით, გადაცემა “პოსტ ფაქტუმი”, ჯერ კიდევ შარშან, ზაფხულში დაინტერესდა. რეპორტაჟში, რომელიც ეთერში 2021 წლის 4 ივლისს გავიდა, ჟურნალისტ ანა ასათიანს, შენობის ვერაშენების მიზეზების დადგენის გარდა, აინტერესებდა, რატომ ჰყავდა არარსებულ ბაგა-ბაღს დირექტორი და თანამშრომლები და რატომ უხდიდნენ მათ ხელფასს არაფრისკეთებაში.
მაშინვე გაირკვა, რომ ვერაშენებული ბაგა-ბაღის დირექტორი, "ოცნების" პარტაქტივი იყო და ხელფასს ფუქსავატობაში სწორედ ამიტომ უხდიდნენ.
სტატუს ქვო წელსაც შენარჩუნებულია, ბაღი ისევ აუშენებელია, დირექტორი ისევ დასაქმებული, უბრალოდ ახლა მაია დემეტრაშვილს “მთავარი არხის” გაგონებაზე ელეთ-მელეთი ემართება და იმ წუთში ნომრების დაბლოკვაზე გადადის.
ბაგა-ბაღის ვერაშენების მიზეზებზე და ამ ვერაშენებულ ბაგა-ბაღში დირექტორის დანიშვნის მოტივზე გასაუბრება “თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს” ხელმძღვანელთან შარშანაც გვსურდა, თუმცა ჩვენი სურვილი კახაბერ გვანცელაძემ არ დააკმაყოფილა. სააგენტოს პოზიცია მაშინ პრეს-სამსახურმა დაიცვა.
რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს დირექტორის დანიშვნა იმ ბაგა-ბაღისთვის ინვენტარის შესაძენად, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ჩვენთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, პასუხგაუცემელი კითხვა და ამოუხსნელი ამოცანაა, თუმცა ეს ალოგიკურობა იმ წამსვე ლოგიკურდება, როცა, მას ქართული ოცნების პარტიული პრიზმიდან შეხედავთ.
“ვერაშენდა” ბაგა-ბაღის ტენდერების-ანატომიას გადავავლოთ თვალი - ასეთი ორ სართულიანი შენობის აგებაზე პირველი ხელშეკრულება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ რუსული კომპანიის “ინდივიდ - პარტნიორის” საქართველოში მოქმედ ფილიალთან 2018 წლის 24 დეკემბერს გააფორმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემსყიდველისთვის ყველაზე დაბალი ფასი სულაც არ შეუთავაზებია, მაგრამ, რატომღაც, კომპანია “ინდივიდ პარტნიორს”, რომელსაც საქართველოში საქმიანობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, როგორც “ქართულ ჯიგრულ პონტში იტყვიან” 2 777 051,37 -იან კონტრაქტი, “ჩაახუტეს”.
ყაზახეთში, რუსულ ენაზე, რომელიმე სახელმწიფო უწყების კი არა, რაღაც შ.პ.ს.”მარიას” მიერ გაცემულ დოკუმენტს, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო ყველანაირი ყოყმანის გარეშე უპირობოდ ენდო.
არამხოლოდ ხელშეკრულება გაუფორმეს, არამედ ავანსად თანხის ნახევარზე ოდნავ მეტიც, 1 464 110 ლარი და 31 თეთრი მისცეს. კომპანია “ინდივიდ პარტნიორს” ნავთლუღის ქუჩაზე ბაგა-ბაღი 9 თვეში უნდა აეშენებინა, მაგრამ გავიდა 2019, მერე 2020 წელი და სადღაც 2021 წლის ზაფხულში თბილისის მერის მოთმინების ფიალაც როგორც იქნა აივსო.
ახალ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. “ბა-ნი” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის უცხო კომპანია არ ყოფილა.
გავიდა აგვისტო, მერე სექტემბერი და ბუნებრივია, 2021 წლის ოქტომბერიც დადგა.
ტენდერის თავდაპირველი სავარაუდო შეთავაზება ნამდვილად სამი მილიონი იყო, თუმცა საბოლოოდ შემსყიდველი და მიმწოდებელი ორ მილიონ ნახევარზე შეჯერდნენ. კომპანია ბანმა ავანსად 375 140.00 ლარი კი მიიღო, მაგრამ ამ ბაღის ირგვლივ ავბედითი კარუსელი კიდევ ერთხელ დატრიალდა.
...
ინტერვიუზე კახაბერ გვანცელაძემ წელსაც უარი გვითხრა, თუმცა მისმა უწყებამ ნავთლუღის ქუჩაზე მშენებარე ბაღთან დაკავშირებით წერილობითი განმარტება მოგვაწოდა.
"#30 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა შეჩერდა იმ მიზეზით, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმებოდა 2022-2023 სააღმზრდელო წლის დასაწყისში. ამ ეტაპზე, ისევ გამოცხადდება ტენდერი შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, რათა ბაგა- ბაღის მშენებლობა დასრულდეს და გაიხსნას 2023 წლის დასაწყისში."