მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. განცხადება ცოტა ხნის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა.
დაღუპულია 13 წლის გოგო.
"13 წლის გოგონა შემოვიდა, გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - თქვა ექიმმა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება თბილისის მერიც. ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა თვითმხილველების თქმით, თავიდანვე მძიმე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.