ტყვია, დარიშხანი, პარაბენები და სუდანი - შხამი ჩვენს ყოველდღიურ პროდუქტში

გამოქვეყნდა:

ტყვია, დარიშხანი, პარაბენები და სუდანი - ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეს ნივთიერებები უკვე ჩვენს ყოველდღიურ დანამატად იქცა. თითქმის ყველაფერი, რასაც ვყიდულობთ: სათამაშოები, სამკაულები, კოსმეტიკა, საკვები პროდუქტები და სამშენებლო მასალა, მძიმე მეტალებს შეიცავს.  

დღეს არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფოში მხოლოდ კვების პროდუქტების კონტროლისა და ხარისხის შესაბამისობის ნორმატივები არსებობს. ინფორმაცია, რომ საქართველოში სუნელები ტყვიას შეიცავს, ჯერ კიდევ, ხუთი წლის წინ ამერიკის ლაბორატორიებიდან გამოგზავნილი დასკვნით გავიგეთ და კანონის შესაბამისად, დღეს ბაზრიდან ამოღებულიც უნდა იყოს.  

სანამ სახელმწიფო შეძლებს პროდუქტის უვნებლობაზე იზრუნოს, მოსახლეობას თავად უწევს საკუთარი ჯამრთელობსიდ დაცვა. ვინც იცის ამას ახერხებს, ზოგისთვის კი გადამწყვეტი სხვა ღირებულებებია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და იუნისეფის ერთობლივი ბოლო კვლევის შედეგად, საქართველოს მასშტაბით, გამოიკვლიეს 1578 ორიდან შვიდ წლამდე ბავშვის სისხლი.

41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლ-ს.

ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერიას თქმით, აქამდე დასაშვებ ნორმად თუ 5 მკგ ითვლებოდა, ბოლო რეკომენდაციების მიხედვით, ეს მაჩვენებელი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთოდ ნულამდე დაწია.

გიორგი ჯაფარიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სოციალური ქსელით ის ოჯახები მოძებნა, სადაც ანალიზის შედეგად ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობა დაუდასტურდათ. მკვლევარები მათი ბინებიდან სხვადსხვა ნივთების შემოწმების შედეგად ტყვიის ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის წყაროს დადგენას შეეცადნენ.

ლაბორატორიული კვლევები და შემაშფოთებელი ციფრები უბრალო სტატისტიკად დარჩება ვიდრე ქვეყანაში ასე თავისუფლად აღწევს მავნე პროდუქცია და ასე ადვილად ხვდება ჩვენს დახლებზე, მერე ჩვენს სახლებში და ბოლოს ჩვენი შვილების სისხლში. ექსპერტები და აქტივისტები ერთხმად მიიჩნევენ, რომ გამოსავალი მხოლოდ შესაბამისი რეგულაციებისა და კანონების სასწრაფოდ მიღებაშია.

 

ავტორი: ნინო ჟვანია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი