"მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი" - ფურცხვანიძე გამოკითხვაზეა

გამოქვეყნდა:

რა მოხდა ვაკის პარკში და იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები - ვაკე - საბურთალოს სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. იქ ცოტა ხნის წინ მივიდა "გრინ სერვისის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე. სწორედ მისმა კომპანიამ ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკში. 

"მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი" - მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა ფურცხვანიძემ პოლიციაში შესვლამდე.

გამოკითხვაზე იმყოფება მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსიც. სწორედ მისი უწყება ზედამხედველობდა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ ობიექტი შემოწმებული იყო არანაირი პრობლემა არ გამოკვეთილა.

ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას დღეს 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში მერვეკლასელებს თამაშის დროს ბურთი ჩაუვარდათ. ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა.  სამივე მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. დაშავებულებს დახმარება სასწრაფომ  ადგილზევე გაუწია,  რის შემდეგაც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმებმა 13 წლის მარიტას გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მას გული კლინიკაში შეყვანის დროს გაჩერებული  ჰქონდა. მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის  240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი


 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი