ხმაურიანი არჩევნები რაგბის კავშირში - საქალაქო სასამართლო ირაკლი აბუსერიძის საქმის განხილვას იწყებს

გამოქვეყნდა:

დღეს საქალაქო სასამართლო რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის საქმის განხილვას იწყებს. საქმე სამოქალაქო დავად გადაკვალიფიცირდა და მოსარჩელე მხარე მის ჩანიშვნას წელიწადნახევრის განმავლობაში ელოდებოდა.

მაშინ აბუსერიძემ არჩევნები მოიგო, მაგრამ მისმა კონკურენტმა საჯარო რეესტრს მიმართა და არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა. მეორე არჩევნები კი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი იოსებ ტყემალაძის გამარჯვებით დასრულდა.

დღეს პირველი მოსამზადებელი სხდომა დასრულდა. მხარეებმა რეპლიკები და მტკიცებულებები გაცვალეს. პროცესში რაგბის კავშირი მესამე პირად ჩაერთო. შემდგომ სხდომებზე სასამართლო დარბაზში რაგბის კავშირის წარმომადგენლებიც გამოცხადდებიან. 

"კონტრასტი იმდენად დიდია სამართალსა და უსამართლობას შორის, რომ ჩვენ ვერანაირი ლოგიკური არგუმენტაცია ვერ მოვისმინეთ მოსამზადებელ სხდომაზე. პროცესი საკმაოდ გრძელი იქნება და დამღლელიც. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ქეისი იმდენად, რამდენადაც გამგეობის წევრები არიან: კობახიძის მამა, გივი ჭიჭინაძე, თვითონ იოსებ ტყემალაძე და რამდენიმე ასე დეკლარირებული პოლიტიკური პარტიის წევრი",- ამბობს ირაკლი მაჩხანელი, ვეტერანი მორაგბე. 

ირაკლი აბუსერიძის იურისტები დარწმუნებულები აცხადებენ, რომ საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს უფლებამოსილება კანონდარღვევით შეუჩერა.

ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლე ნათია შიოშვილმა მათი ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო საჯარო რეესტრის წარმომადგენელთა შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

"ჩვენი შუამდგომლობები დაკმაყოფილდა და კმაყოფილი ვარ და მოწინააღმდეგე მხარის არ გაითვალისწინა მოსამართლემ. ისე ხდება, რომ ვის კერძოდ, რომ ავიღოთ დღევანდელი გამგეობის წევრები, გვარებს არ ჩამოვთვლი , მათი ინტერესიცაა, მორაგბეებზე არ ვიძახი. იქ არიან პოლიტიკოსები ასე რომ ვთქვათ და მათი გავლენაც...",- ამბობს ირაკლი აბუსერიძე. 

ცნობისთვის, ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრს არჩევნების წინა ღამეს მომხდარ ფაქტს ედავება, რა დროსაც მათი  მომხრე დელეგატი არასამუშაო დღეებში ჩახსნეს და არჩევნებში ხმის უფლება დაკარგა. აბუსერიძე დარწმუნებულია, რომ ეს კონკრეტული პირების მხრიდან ზეწოლის ფონზე მოხდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი