2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა - ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კაჭარავამ აღნიშნულ თანამდებობაზე იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელიც რაგბის კავშირს 4 წელი ხელმძღვანელობდა.
"40 წლის დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა. მისი სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი - 122 კეპი აქვს მოხვეჭილი, გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს (25 ლელო). კაჭარავა 4 მსოფლიო თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის რაგბში დარჩა და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ახალ პოზიციაზე კაჭარავას საქმიანობა სრკ-ის სტრატეგიული და საორგანიზაციო მიმართულებების კოორდინაციას მოიცავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვები მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას.
საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებულ თანამშრომლობას უსურვებს არჩეულ პრეზიდენტს." აცხადებს რაგბის კავშირი.