კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი მოკლა, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

კაცი, რომელმაც გუშინ თერჯოლაში ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მან სასუნთქი გზების 70%-იანი დამწვრობა მიიღო და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

"თავიდანვე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, დაახლოებით 70% დამწვრობა სასუნთქი გზების. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ოჯახის წევრების მოთხოვნითა და სურვილით, დაახლოებით დილით ხუთი საათისთვის გადაყვანილ იქნა ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო"- ამბობს დავით სარიშვილი, კლინიკა "იმერმედის" დირექტორი. 

თერჯოლაში კი შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

შეგახსენებთ, გუშინ, 24 ნოემბერს, თერჯოლაში, ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს მაღაზიაში, აალებადი ნივთიერება შეასხა. მსხვერპლი მაღაზიაში მენეჯერად მუშაობდა, ის ადგილზევე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის დაშორებული იყო. კაცი ნასამართლევია და შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი