თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარის სტიქიის შედეგად განადგურებულია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, წაქცეულია ხეები, რომლებმაც გზებზე მოძრაობა შეაფერხა. ასევე სტიქიის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი . ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, რა დროსაც ნამტვრევები ერთ-ერთ ადგილობრივს მოხვდა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სოფელ კონდოლის 100-ზე მეტი ოჯახი ახლა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სტიქიის შედეგად სახლის სახურავებს გადაეხადა სახურავები, წაიქცა ასწლოვანი ხეები, რომლებიც სახლებს დაეცა და კედლები დაუზიანა. ამის გამო სოფლის მოსახლეობას ღია ცის ქვეშ დარჩენამ მოუწია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავრობის დახმარების გარეშე მიყენებულ ზარალს ვერ გაუმკლავდებიან, რადგან მათ უმრავლესობას ბანკებიდან სესხები აქვს აღებული. სოფელს ამ წუთამდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ მათ არავინ დაეხმარება, შეიძლება შიმშილი მოუწიოთ.
ადგილობრივების თქმით, ჯერჯერობით მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან. მთავრობაში კი აცხადებენ, რომ მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელიც რეგიონში სტიქიის შედეგებს სწავლობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, მთავრობას კაბინეტებიდან გამოსვლისა და სწრაფი და ეფექტური მოქმედებისკენ მოუწოდა.
კონდოლის გარდა დაზარალდა სოფლები გულგულა და ნაფარეული, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, სადაც სრულად განადგურდა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, საზამთროს ბაღები და ვენახები.
ავტორი: ია გულიაშვილი.