ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მისი მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიღებს. ამის შესახებ ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც წერია, რომ კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.
2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა.
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.
ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
- სხვადასხვა
მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება, - წერს ფედერაცია.