"მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი და "მთავარი არხის" დამფუძნებლის მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ლონდონში შეხვედრებს მართავენ. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ნიკა გვარამიას საქმეს აცნობენ.
ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გაიმართა "სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის" ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა მოუხსნას ნიკა გვარამიას ბრალი და გაათავისუფლოს.
სოფო ლილუაშვილი და თამთა მურადაშვილი შეხვდნენ ჯეიმს ნიქს, რომელიც არის ექსპერტი ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტიდან და რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი.
მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში "საერთაშორისო რეპრესიები და საგარეო აგრესიები", სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ევგენია კარამურზა, დაკავებული რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ კარამურზას ცოლი. მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ნიკა გვარამია გაათავისუფლონ:
"როდესაც დაუსრულებელ ბრძოლაში ხართ ჩართული, არასდროს დაკარგოთ იმედი. შეხედეთ ამ ბრძოლას, როგორც თავსატეხს. ჩვენ ყველანი ვართ ამ თავსატეხის ნაწილები და ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ეს ნაწილები უნდა შეერთდეს და მოიტანოს ცვლილება. ამიტომ, ნუ დაკარგავთ იმედს, დადექით მტკიცედ და იბრძოლეთ.
თავისუფლება ნიკა გვარამიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს მთელ მსოფლიოში", - აღნიშნა მან.
შეხვედრები ბრიტანელ პოლიტიკოსებთან გაგრძელდება.