ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო არტისტი, ვახტანგ კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე ცოლისა და დედის გვერდით დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდები ქაშვეთის ეკლესიასა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. 

მისი დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო. უკრაინელმა მინისტრმა ფილარმონიაში გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა წაიკითხა. ამასთან, ცერემონიალს სომხეთის, აზერბაიჯანისა და ისრაელის დელეგაციებიც დაესწრნენ. 

ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა. ის იყო კინომსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი და სიმღერების ავტორი. კიკაბიძეს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება, ასევე, არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდო. 

დაჯილდოებულია ღირსების, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის და წმინდა გიორგის ორდენებით. იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.  

2008 წლის ომის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთში საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე. იყო უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. მისი ბოლო საქველმოქმედო კონცერტიც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომს მიეძღვნა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი