საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჭადრაკის საერთაშორისო დღე, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ვერის ბაღში აღნიშნა.
პარალელურად საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატიც გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და მასში ტრადიციულად ყველაზე მეტი საერთაშორისო დონის ოსტატები და დიდოსტატები მონაწილეობენ.
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დღევანდელი დღე ამ სპორტის ყველა გულშემატკივარს მიულოცა. მისი თქმით, ქალთა ჩემპიონატი იყო პირველი ღონისძიება, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.
მიხარია, რომ ამ პირველად ამით ვხსნით ჩვენს საჭადრაკო კალენდარს. ამას შემდეგ მოჰყვება 20 წლამდე ჩემპიონატი, ასაკობრივი ჩემპიონატი. ამიტომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ კალენდრის ნახევარს მაინც შევასრულებთ, რაც გვქონდა დაგეგმილი, - ამბობს გიორგაძე.
ფედერაციის ხელმძღვანელობამ დღეს ჭადრაკის ონლაინ ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორებიც დააჯილდოვა.