გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები პროკურატურასთან იმყოფებიან და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილშია დამნაშავე და ჩარკვიანის მკურნალობაში იღებდა მონაწილეობას.
ოჯახმა საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია.
პაციენტის ისტორიიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალგაზარდა ფეხბურთელს 5 დღის განმავლობაში 193 ამპულა ძლიერი ნარკოტიკული საშუალება ფენტალინი და 67 ამპულა კიდევ ერთი ძლიერ მოქმედი მედიკამენტი - მიდაზოლამი გაუკეთეს. ალტერნატიული ექსპერტიზა ოჯახის დაკვეთით ჩატარდა, რომელიც ასკვნის, რომ მსგავსი დოზებით დანიშნული ეს პრეპარატები, თუ ის მართლაც გაუკეთდა პაციენტს, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევდა.
"ექსპერტიზა პირდაპირ აჩვენებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირების გამოიყენებით გარდაიცვალა და ამან გამოიწვია ბუნებრივი სიკვდილი... [ვითხოვთ] დაისაჯოს ყველა ის ექიმი, ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობაში. ვახტანგ ჩარკვიანი არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა", - თქვა ოჯახის ადვოკატმა მზია ხასრაშვილმა.
ცნობისთვის, 23 იანვარს პროკურატურამ საქმეზე ბრალი წაუყენა ექთანს. გამოძიება მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.