კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, პაციენტი ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი სამედიცინო ისტორია გაიხსნა.

პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი - „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები.

 2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად  თავად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო  მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა  სამედიცინო ისტორიაში მოათავსა.",- ნათქვამია განცხადებაში. 

უფროს ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება). პროკურატურა ბრალდებულისთვის  აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი