საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მოციგურავე, საქართველოს ნაკრების წევრი, ანასტასია გუბანოვა, 14 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სიცრუეს უწოდებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს".
"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.
ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონისძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს", - წერს ფიგურული სრიალის ფედერაცია.
სტატია სათაურით - "ევროპის ჩემპიონი გუბანოვა მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში "შეყვარებული ფიგურულ სრიალზე" - რუსულმა მედიამ გაავრცელა. გუბანოვას გვარი კი გასამართი ღონისძიების აფიშაზეა მითითებული.
იხილეთ: