მოციგურავე, საქართველოს ნაკრების წევრი, ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა, 14 თებერვალს, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.
როგორც ფესტივალის აღწერაში წერია, ვალენტინობის დღეს, რუსეთისა და სხვა ქვეყნის მოციგურავეები ყინულზე იცეკვებენ და სტუმრების წინაშე სანახაობას დადგამენ.
"სტუმრები ისიამოვნებენ არა მხოლოდ სანახაობრივი სპექტაკლით, რომელსაც თან ახლავს მსუბუქი შოუ და პოპულარული არტისტების პერფორმანსები, არამედ მრავალი სხვა აქტივობა. ფესტივალი "შეყვარებული ფიგურულ სრიალზე" არის მოსკოვის სპორტის დეპარტამენტის პროექტი",- ნათქვამია განცხადებაში.
რუსული მედიის ცნობით, ღონისძიება 14 თებერვალს მოსკოვის ЦСКА [რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულება] არენაზე გაიმართება.
ოკუპანტი ქვეყნის მედია სტატიას აქვეყნებს სათაურით: "ევროპის ჩემპიონი გუბანოვა მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში "შეყვარებული ფიგურულ სრიალზე"
"ფიგურულ სრიალში ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, მოსკოვის სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფიგურულ სრიალში სიყვარულის ფესტივალზე გამოვა" - ამის შესახებ TASS-ს ორშაბათს შოუს ორგანიზატორებმა განუცხადეს.
"გუბანოვა საქართველოს ნაკრებში 2021 წლის აგვისტოდან ირიცხება, მანამდე სპორტსმენი რუსეთის გუნდს წარმოადგენდა. 29 იანვარს გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რომელიც ფინეთის ქალაქ ესპუში გაიმართა",- წერს Tass.
გამოცემა "რადიო თავისუფლება" წერს, რომ ჯერ კიდევ 7 თებერვალს გუბანოვა ფესტივალის მონაწილეებს შორის არ იყო. მისი გვარი ვებსაიტზე გამოქვეყნებულ აფიშაზე 8 თებერვალს დაემატა.