ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ეროვნულ გალერეასთან. პოლიციამ აქციის მონაწილეებს კედელზე საღებავით წარწერის გაკეთების უფლება არ მისცეს. აქცია კი სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად იმართება. ხელოვანები და რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ მხატვრის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება თეა წულუკიანის რეპრესიების ნაწილია და თავისუფალ ხელოვანებს კულტურის მინისტრი რუსული მეთოდებით ებრძვის.
დემონსტრანტების შეფასებით, სულაბერიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა კულტურის სამინისტროს მხრიდან ცენზურის მცდელობაა.
ცნობისთვის, მხატვარი სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
საქმეს დღეს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი და საგამოფენო განყოფილების უფროსი, ალექსანდრა გაბუნია გამოეხმაურა. მისი თქით, კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანა გალერეიდან ნახატი
"პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა". ალექსანდრა გაბუნიას პოსტი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოიწონა.