"ომეგა მოტორ ჯგუფის" განცხადება - "საქართველოს ბანკის" მიერ უკანონოდ დაუფლებული ქონების შეძენის სურვილი "ოცნების" შემომწირველმა გამოთქვა

გამოქვეყნდა:

რეპრესირებული ბიზნეს ჯგუფის, "ომეგას", კუთვნილი უძრავი ქონება, სადაც მათ შორის "მთავარი არხის" სტუდიები იყო განთავსებული, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის ხელში გადადის. განცხადებას "ომეგა ჯგუფი" ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დიღმის ტრასაზე მდებარე ქონება ჯერ უსამართლო აუქციონის გზით საქართველოს ბანკის ხელში აღმოჩნდა, ახლა კი მისი შეძენით ოცნების ერთ-ერთი შემომწირველი, ბიზნესმენი მინდია საბანაძეა დაინტერესებული. "ომეგა ჯგუფი" ყველა სავარაუდო მყიდველს აფრთხილებს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება და აღნიშნული ქონების შეძენა ამ უკანონობაში თანამონაწილეობის ტოლფასი იქნება.  

“ომეგა მოტორ ჯგუფს” სურს უპასუხოს “საქართველოს ბანკის” მიერ ა.წ. იანვარში გავრცელებულ სიცრუის შემცველ განცხადებას.
საქართველოს ბანკის განცხადებით, მათ ომეგა მოტორ ჯგუფის საკუთრება შეიძინეს მას შემდეგ, რაც ყოფილმა მესაკუთრემ ვერ შეასრულა ბანკის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულება. 
ომეგა მოტორ ჯგუფს არასდროს ჰქონია საქართველოს ბანკის მიმართ არანაირი ფინანსური ვალდებულება, არც კრედიტი ჰქონია საქართველოს ბანკისგან აღებული და არც რაიმე სასესხო ვალდებულების თავდები ყოფილა. უფრო მეტიც, ომეგა მოტორ ჯგუფს საქართველოს ბანკში ანგარიშიც  არასოდეს არ ჰქონია გახსნილი. 
 საქართველოს ბანკმა უკანონოდ, მაქინაციურად მიითვისა იმ ფირმის საკუთრება, რომელსაც მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. საქართველოს ბანკი ამ ქონებას დაეუფლა სულ სხვა ფირმის აუქციონზე, სადაც ომეგა მოტორ ჯგუფის მრავალიათეული მილიონის ღირებულების ქონება უკანონოდ იქნა შეტანილი სააუქციონო მუსხაში. ომეგა მოტორ ჯგუფის ქონება საქართველოს ბანკის ხელში აღმოჩნდა კლანის მიერ მართული სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს და საჯარო რეესტრის კოორდინირებული უმძიმესი კანონდარღვევების შედეგად.
„საქართველოს ბანკის“ მიერ არაკეთილსინდისიერად ხელში ჩაგდებული ომეგა მოტორ ჯგუფის ქონებებში შედის: შენობები სადაც განთავსებული იყო ბენტლი, ბმვ, მინისა და მაზერატის შოურუმები და სერვის ცენტრები. ასევე „მთავარი არხის“ სტუდიები და საეთერო. 
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ბანკის მიერ უკანონოდ დაუფლებული ქონების შეძენის სურვილი გამოხატა შპს „აი ჯი დეველოფმენთმა“, რომლის დამფუძნებელია   მინდია საბანაძე,   ხოლო დირექტორი კი ლევან მესხელი, რომლებიც მმართველ პარტიასთან ასოცირებულ პირებს წარმოადგენენ. ბატონი მინდია საბანაძე „ქართული ოცნების“ შემომწირველიცაა. გვსურს გავაფრთხილოთ როგორც აღნიშნული კომპანია, ასევე ნებისმიერი მყიდველი, რომელიც უკანონოდ წართმეული ქონების შეძენით იქნება დაინტერესებული - ისინი გახდებიან უკანონობის თანამონაწილე და კანონდარღვევის  თანაზიარი.
ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს ბანკს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომეგა მოტორ ჯგუფის ქონების უკანონო ფლობა. 
მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ თუ როგორ გადაფორმდა ომეგა მოტორ ჯგუფის ქონება საქართველოს ბანკის სახელზე. 
ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელ ქ-ნ თამარ გვარამაძეს, შეისწავლოს აღნიშნული კანონდარღვევები. 
მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ აღნიშნული კანონდარღვევები. 
მივმართავთ დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით, რათა ყველა ინვესტორის უფლება დაცული იყოს საქართველოში." ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ცილისწამებას უწოდებს მინდია საბანაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი