ჩავარდნილი ტურისტული სეზონი წაღვერში - მოსახლეობა გაღარიბების ზღვარზეა

გამოქვეყნდა:

ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ნელ-ნელა საქართველოს ყველა რეგიონი ღარიბდება. გაღარიბების ზღვარს მიღწეული ერთ-ერთი კურორტი დაბა წაღვერია. ციური მუჯიკნელი უკვე 7 წელია ამ რეგიონის ერთადერთ პარკშია დასაქმებული და მჟავე წყლის დასალევად საჭირო ჭიქების გარდა, ბავშვებისთვის სათამაშო ნივთებსაც ყიდის. ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, დამსვენებელი მცირეა და სარეალიზაციოდ გამოტანილ საქონელს ვეღარ ყიდის. 

კორონავირუსი და სოციალური ფონი არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც დაბაში დამსვენებელი ნაკლებად ჩადის. კურორტის ქართველი დამსვენებლები ამბობენ, რომ დაბის ინფრასტრუქტურა სათანადოდ არაა მოწყობილი. ბუნებით მდიდარ რეგიონში თითქმის არ არის გასართობი ადგილები. აქ მხოლოდ ერთადერთი პარკია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ატრაქციონი დგას, რომელიც ხშირად, დენის გათიშვის გამო უფუნქციოა. სკვერში დაზიანებულია სკამებიც.

ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გარდა, დაბა წაღვერის მცხოვრებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასმელი წყალია. სასმელი წყალი ონკანებში მოდის, თუმცა, დასალევად უვარგისია და მხოლოდ ტექნიკური მოხმარებისთვის გამოიყენება. წაღვერლებს დასალევი წყლის ყიდვა ან მეზობელი სოფლებიდან ზიდვა უწევთ. 

კურორტზე უამრავ პრობლემას მდინარის დაბინძურებაც ემატება. დაბაში სანაგვე ურნები თითქმის არ დგას და მოსახლეობაც ნარჩენებს პირდაპირ წყლის ნაპირზე ყრის. ამიტომ, ე.წ. მარიჯანის დასახლებაში მომრავლებულია ქვეწარმავლებიც. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ  ხელისუფლება ფულს არაეფექტურად ხარჯავს, რისი ნათელი მაგალითიც დამსვენებლების გარეშე დარჩენილი წაღვერია.

იმის მიუხედავად, რომ წაღვერის პრობლემების ჩამონათვალი დიდია, ადგილობრივი ხელისუფლება "მთავარის" კითხვებს არ პასუხობს. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჩვენს გადამღებ ჯგუფს მთელი დღის განმავლობაში ემალებოდა. მაშინ როდესაც ჩინოვნიკები კაბინეტებში იკეტებიან, მჟავე წყლით და უნიკალური ბუნებით გამორჩეული დაბის განვითარება ისევე გაჩერებულია, როგორც ბოლო დროს, დენის ხშირად გათიშვის გამო გაჩერებული ეს მატარებელი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი