ცხელ ხაზებზე უშედეგო რეკვებისა და უპასუხო იმეილების შემდეგ ქართველმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს საქართველოს მთავრობისთვის ხმა ასე მაინც მიეწვდინათ. საპროტესტო აქციით ფრანკფურტში, ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილებმა დისკრიმინაციული კარანტინი გააპროტესტეს, რის გამოც მთელი წლის ნანატრ შვებულებებსა და არდადეგებს სამშობლოში ვერ გაატარებენ. შინ დაბრუნებას ზოგი მხოლოდ სამი კვირით, ზოგი კი ნაკლები ვადით აპირებდა. 14-დღიანმა კარანტინმა კი მათ მოგზაურობას აზრი დაუკარგა.
საქართველომ საზღვარი ხუთ ქვეყანას გაუხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაუბრკოლებლად მოგზაურობა შეუძლიათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ან ადამიანებს გერმანიაში, საფრანგეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში მუდმივი ცხოვრების უფლებით. იმავე ქვეყნის სტუდენტებს კი, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, უკან დაბრუნებულებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწვთ.
მარიამს, სხვა სტუდენტებივით, უკვე არაერთი ბილეთი გაუუქმდა, იაფი ფრენების გაუქმების შემდეგ კი საერთოდ ცხოვრება გაურთულდა. ოთხი წელია ფრანკფურტში ცხოვრობს. სწავლობს და მუშაობს მედიცინის სფეროში. ამიტომ კოვიდ-ტესტებს ხშირად იკეთებს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ არის საკმარისი კარანტინის მოთხოვნის გაუქმებისთვის მისი პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი, თუკი გერმანელებისთვის საზღვარი უპირობოდ ღიაა.
კარანტინის ხარჯებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ბიუჯეტი გაიღებს. თვითიზოლაცია შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება.
პასუხის მისაღებად საქართველოს მოქალაქეს მეტი ძალისხმევა მართებს, ნამდვილი ინტერნეტ სერფინგი, რომელიც ბოლოს ასეთ პასუხამდე მიიყვანს - თვითიზოლაციაში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ახლახანს ოპერაცია ან რთული სამედიცინო მანიპულაციები ჩაიტარეთ, თუ არასრულწლოვანი ან შშმ პირი ხართ, ან თუკი რაიმე განსაკუთრებული პირობების დადასტურება შეგიძლიათ.
დირიჟორი ილია ინაიშვილი 12 წელია კიევში ცხოვრობს. კიევის კონსერვატორიის პედაგოგი თბილისში ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა. ახლა კი ვერ იგებს, თუკი საქართველო ნებას რთავს საქმიანი ვიზიტით ჩამოსულებს 72 საათში ერთხელ ჩაიტარონ პისიარ ტესტირება და თავიდან ასე აირიდონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი, რატომ არ აქვს მას იგივე პრივილეგიები.
ემიგრანტები და ადამიანები, ვინც ბოლო პერიოდშიც მოგზაურობენ, ვერ ასახელებენ ქვეყანას, რომელსაც მოგზაურები კარანტინში გადაჰყავს. ნინო გავაშელის მშობლები - 72 წლის მამა და 63 წლის დედა საქართველოდან შტატებში ერთი კვირის წინ ჩაფრინდნენ.
თერაპევტი ნინო მიმინოშვილი ნიუ-იორკში ჰოსპიტალში მუშაობს. Mount Sinai-ს კლინიკაში 400-მდე კოვიდ ინფიცირებულს უმკურნალეს. ვირუსი აპრილში თვითონაც გადაიტანა. ახლა ექვსი თვის წინ დაგეგმილი შვებულება დაეწყო, ხელში ანტისხეულების ანალიზიც უჭირავს, რაც კოვიდზე უარყოფით ტესტზე გაცლებით საიმედო საბუთია, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ ბრუნდება.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა - სხვა განმარტებები ჩვენს რეგულაციებს არ აქვს. რა მარტივია გათვლების ნაცვლად ანდაზებით იხელმძღვანელო. როგორი დაუდევრები გამოდგნენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებმაც თავი აიტკიეს და ხალხური სიბრძნის ნაცვლად ციფრებით იხელმძღვანელეს - ეკონომიკის რისკებით და მთლად უარესი, ადამიანის უფლებები გაითვალისწინეს - საქართველოს მოქალაქეებს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართველებსაც სხვა ადამიანებივით მოექცნენ და საზღვრის კვეთის ნება დაუბრკოლებლად მისცეს.