გაგნიძის ადვოკატმა მოსამართლე მაია ოშხარელის აცილება მოითხოვა - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ისთვის აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ ამ წუთებში მსჯელობენ. დაკავებულების ადვოკატები პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. 

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ თუ სასამართლო საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ არ მოექცევა და საკითხს სამართლებრივად შეაფასებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიან. 

ერთ-ერთი დაკავებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა მოსამართლე მაია ოშხარელის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

სასამართლოს დარბაზში უკვე იმყოფება 11-ვე ბრალდებული.  

სასამართლოსთან შეკრებილები არიან 19 წლის ფეხბურთელის მეგობრები, რომელთაც შაქარას ფოტოებიანი შავი მაისურები აცვიათ. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი