ერთი თვე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან

გამოქვეყნდა:

საბედისწერო ღამე

კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. მისი ძებნა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მხოლოდ მეორე დღეს, გამთენიას დაიწყეს. ოჯახმა შაქარაშვილის გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დილის 11:00 საათისთვის მიმართა.

გიორგის გაუჩინარებამდე კი მოხდა შემდეგი: ნარეკვავის დასახლებაში, დაბადების დღეზე მყოფ ახალგაზრდებს შორის მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგაც ნაწილი მათგანი მანქანებით და მეორე ნაწილი თბილისში მოდის ფეხით. მათ შორის გიორგი შაქარაშვილი, რამდენიმე მეგობართან ერთად. თბილისისკენ მომავალ გზაზე, უფრო ზუსტად, მცხეთის ხიდის მიმდებარედ,
დაპირსპირებულ მხარეებსა და მათ ნაცნობებს შორის სისხლიანი გარჩევა დაიწყო; ცივი იარაღით დაჭრეს გიორგის მეგობრები, რომლებიც იმავე ღამით, თბილისის ზღვის კლინიკაში გადაიყვანეს. სამი ახალგაზრდიდან ყველაზე მძიმე პაციენტი გიორგი ქათამაძე იყო - მას სახეზე მნიშვნელოვანი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

ის „ზღვის ჰოსპიტალში“ 03:43 საათზე შეიყვანეს. ექიმებმა პაციენტების ისტორია მიღებისთანავე გახსნეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაზიანებების სიმძიმის შესახებ ცნობილი იყო, მედიკოსებმა პაციენტების დაზიანებების მიზეზად ველოსიპედიდან გადმოვარდნა დაასახელეს.

ამის პარალელურად, არსად ჩანს გიორგი შაქარაშვილი.

მას 19 ივნისის დილიდან უკვე მცხეთაში ეძებდნენ. მდინარე არაგვის მიმდებარედ ის წელის ჩანთა იპოვეს, რომელიც ფეხბურთელს წვეულებაზე ეკეთა, სადაც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე იდო. სწორედ წელის ჩანთის პოვნის შემდეგ, გიორგის ძებნა, სამართალდამცველებმა, მდინარე არაგვში განაგრძეს.

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი არაგვში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მივყვეთ ქრონოლოგიას:

18-19 ივნისის ღამე

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი მეგობართან ერთად, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე მიდის. თან არ აქვს მობილური ტელეფონი. წვეულებაზე დაახლოებით 40-მდე ადამიანია - საბურთალოდან და ე.წ „ნახალოვკიდან“ მოწვეული ახალგაზრდები.

პირველი დაპირისპირების თავდაპირველი ვერსიები

თავდაპირველი ვერსიით, სუფრასთან ჩხუბი ე.წ უბნური გარჩევით დაიწყო. იყო მოსაზრებაც, რომ ახალგაზრდების კონფლიქტი DJ კოკო ღიბრაძეს უკავშირდებოდა. ჩხუბის დაწყების კიდევ ერთ ვერსიად, სადღეგრძელოც სახელდებოდა.

2 ივლისს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“, ნიკა გვარამიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ საქმე სასიყვარულო სამკუთხედს შეიძლება ეხებოდეს; „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს ერთი გოგო, ანა გაბეჩავა მოსწონდათ.

16 ივლისს ცნობილი ხდება კიდევ ერთი ვერსია: მოწმის სახით გამოკითხვაზე მისული ახალგაზრდების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღეზე არა ანა გაბეჩავას, არამედ მისი მეგობრის, მარიამ ხატისკაცის მიზეზით წავიდა და სწორედ ხატისკაცი მოსწონდა ფეხბურთელს.

იუბილარი ანა გაბეჩავა

თავად იუბილარი ანა გაბეჩავას ჩვენებიდან ვიგებთ, რომ ჩხუბში, რომელიც სახლის გარეთ, დაახლოებით 23:30 საათზე დაიწყო, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ. საერთოდ არ მონაწილეობდნენ.

"გოგოებმა ჩვენი ძალით შევძელით ბიჭების გაშველება და ისინი გავყარეთ სახლის ეზოდან. რის შემდეგაც, მე და ჩემი მეგობარი გოგოები, ლ.ნ. ლ.ქ. მ.ხ. ს.ჭ. და ე.ხ. შევბრუნდით სახლში, სადაც დაგვხვდა გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ. რომლებიც ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან და არ ჩარეულან ჩხუბში და შიგნით ქეიფობდნენ", - ნათქვამია გაბეჩავას ჩვენებაში. 

ხიდის ეპიზოდი

ნარეკვავში მომხდარ კონფლიქტურ სიტუაციას გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად გაერიდა. მათ წვეულების გაგრძელება ლისის ტბაზე, ერთ-ერთი მეგობრის სახლში გადაწყვიტეს.  გიორგის მეგობრების ნაწილი თბილისში მანქანით დაბრუნდა.

გიორგის და იქ დარჩენილ ხუთ მეგობარს კი დალოდება და ტაქსის გამოძახება მოუწიათ. ამას მოწმობს გიორგის სიცოცხლეში გადაღებული ბოლო კადრებიც, რომელიც საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ფოტოგრაფმა, იაკობ ბრეგვაძემ გადაიღო.

გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე, გიორგი ქათამაძე და კოკო ღიბრაძე მცხეთის ხიდზე ფეხით გადმოდიან, რადგან მანქანის გაჩერებას ვერ ახერხებენ.

პარალელურად, თბილისში მიდიან დაპირისპირების მონაწილე „ნახალოვკელებიც“. თუმცა, როგორც შემდეგ ირკვევა, შურისძიების მიზნით, კონფლიქტის ადგილას მეგობრების წამოსაყვანად ბრუნდებიან.

რა მოხდა ხიდზე ?

თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს პირველი მანქანა არაგვზე გამავალი ხიდის კუთხეში 19 ივნისის ღამის 00:37:12 საათზე დაეწია.

გიორგი ქათამაძის ჩვენებით ირკვევა, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე მიმავალ ახალგაზრდებს მათთვის უცნობი ორი პირი წამოეწია, რომლებსაც მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მომდევნო დღეებში მათი ნახვა სურდათ, რის გამოც ქათამაძეს ტელეფონის ნომერი გამოართვეს. ამის შემდეგ, ქათამაძე იხსენებს, რომ ხიდის ბოლოს, ვერცხლისფერი მანქანა წამოეწიათ, რომლის მგზავრებმაც მას და მის ორ მეგობარს სცემეს:

„მანქანა გაჩერდა ჩვენს წინ, გადმოვიდა ჩემთვის უცნობი ოთხი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს, რომელიც იყო სრული აღნაგობის, ხელში ეჭირა რაღაც გრძელი საგანი, რომელიც მოუქნია კონსტანტინე ღიბრაძეს.. მოულოდნელად გონება დავკარგე. როდესაც გონებაზე მოვედი, ბუნდოვნად ვხედავდი, რომ წელში მოხრილი ბორძიკით მივდიოდი ხიდის მიმართულებით და უკნიდან რამდენიმე პიროვნება მირტყამდა თავში, მაგრამ ვერ ვხედავდი რას მირტყამდნენ. მახსოვს, მივუახლოვდი ხიდის მოაჯირს, სადაც იდო გრძელი რკინა და აღნიშნულ რკინას დავეყრდენი. უცნობმა პიროვნებებმა შეწყვიტეს ჩემი ცემა.“

საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, შაქარაშვილთან ერთად ხიდზე მყოფი იაკობ ბრეგვაძე კი ერთ-ერთ ჩვენებაში ყვება, რომ კონფლიქტის დანახვისას შეეშინდა და გზის მეორე მხარეს არსებული შენობისკენ გაიქცა. ავიდა მეორე სართულზე და დაიმალა. ამბობს, რომ მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, დაპირისპირებას სწორედ ამ შენობიდან აკვირდებოდა, თუმცა, რას ხედავდა ბრეგვაძე - უცნობია.

სრული აღნაგობის პირი კი, ვისაც გიორგი ქათამაძის ჩვენებით, ხელში რკინის ნივთი ეჭირა, მორაგბე ნიკა ჟვანიაა. თავის მხრივ, ჟვანია ამტკიცებს, რომ მცხეთაში ჩასულ ახალგაზრდებს მეგობრების ჩამოსაყვანად გაყვა. იხსენებს იმასაც, რომ გზაში, ავტომობილში მჯდომ ერთ-ერთ ახალგაზრდას მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ჩხუბში მონაწილე პირები მაგისტრალზე მათ წინ მიდიოდნენ:

"გ.მ-ს განმარტებით, მათ წინ მიმავალი პიროვნებები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, მათ ეშინოდათ, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცემათ და გვთხოვეს, მივსულიყავით მათთან.. ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიგრძის რკინის მილი.. მისვლისთანავე, ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს"..

ის, ვისაც ჟვანიას რკინის მილი მოხვდა, შაქარაშვილთან ერთად მყოფი DJ კოკო ღიბრაძეა, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ „მერსედესის“ მგზავრებიდან ერთ-ერთი სრულიად უმიზეზოდ მიუახლოვდა და გრძელი, მყარი საგანი მოუქნია, რომელიც მარჯვენა ბარძაყში მოხვდა.

"ამ დროს, ჩემთან ერთად მყოფი ხუთივე პიროვნება, მათ შორის ჩემი ახლო მეგობრები, გიორგი ქათამაძე, ვახტანგ ახვლედიანი, შაქარაშვილი და მისი ორი მეგობარი [გური ამირხანაშვილი და იაკობ ბრეგვაძე] მათ დანახვაზე გაიქცნენ დასავლეთის, ანუ არაგვის ხიდის მიმართულებით. მათ უკან დაედევნენ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანით მოსული პიროვნებები, მათ შორის ისიც, ვინც მყარი საგანი დამარტყა მარჯვენა ბარძაყში. მე გავიქეცი მარტო თბილისის მიმართულებით".

DJ კოკოს გაქცევა გზაზე მდებარე სამრეცხაოს კამერამ დააფიქსირა. მასალის მიხედვით, კოკო ღიბრაძე კადრში 00:37:36 საათზე ჩნდება და გამვლელი ავტომობილის გაჩერებას უშუალოდ გზის სავალ ნაწილზე ცდილობს. ბოლოს, გამვლელ ტაქსის აჩერებს და თბილისში მოდის.

ღიბრაძის გაქცევის შემდეგ, „მერსედესი“ ადგილზე კიდევ ორი წუთი და 11 წამი ჩერდება. ამ დროში, „მერსედესის“ მგზავრები გიორგი ქათამაძესა და ვახო ახვლედიანს სცემენ. „მერსედესი“ 00:39:37 საათზე ისე მიდის, რომ მანქანაში მსხდომები შაქარაშვილსა და ამირხანაშვილს არ ეხებიან.

ამის შემდეგ კადრში ცუდად, მაგრამ მაინც ჩანს, რომ სამი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ძირს დავარდნილ ქათამაძესთან მიდიან. ამით მთავრდება ხიდის პირველი ეპიზოდი. ექვსი ახალგაზრდიდან, რომელიც წვეულების შემდეგ თბილისში დაბრუნებას ერთად ცდილობდა, ადგილზე მხოლოდ ოთხი რჩება. DJ კოკო თბილისშია, ფოტოგრაფი ბრეგვაძე კი იქვე მდებარე სამალავში..

"მერსედესი" - "ტოიოტა ქამრი"

დავუბრუნდეთ იმ ავტომობილს, რომელშიც ნიკა ჟვანია იჯდა - „მერსედესს“. ამ ავტომანქანას ძიუდოში ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის, გიგა ტატიაშვილი მართავდა. ის დაბადების დღეზე იყო, თუმცა პირველი კონფლიქტის შემდეგ ნარეკვავის დასახლება  დატოვა. უკან კი, როგორც თავად ამტკიცებს, მცხეთაში დარჩენილი კლასელების ჩამოსაყვანად წაიყვანეს:

არ მინდოდა, მომხდარიყო ჩხუბი. ჩემს მანქანაში მჯდომები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარები და გადმოსულიყვნენ, რაზეც გავხდი იძულებული, მანქანა გამეჩერებინა.. ჩემი მგზავრები გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი, ჩემთვის უცნობი პირების მიმართულებით. დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა, რა დროსაც, ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ,  რომლებსაც გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ყველა ჩემი თანმხლები პირი ურტყამდა. მე ჩემს მგზავრებს მოვატყუე, რომ მოდიოდა პოლიცია, რაზეც ისინი ჩასხდნენ მანქანაში და ყველა ერთად წამოვედით ქ. თბილისში.

დაპირისპირების შემდეგ, არაგვის ხიდი „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა დატოვა, 00:43:34 საათზე იქ უკვე „ტოიოტა ქამრი“ მიდის; საქმეში დადასტურებულია, რომ ვახო ჩიქოვანის მანქანაში, მის გარდა, მორაგბეები - ვასო მახარაძე და არჩილ გაგნიძე, ელექტროსისტემის ინჟინერი ნიკოლოზ რევაზიშვილი და კიდევ ორი არასრულწლოვანი იჯდა.

მგზავრები ჩვენებებში ყვებიან, რომ დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, თბილისში ჩამოსულები, ორი არასრულწლოვანი მეგობრის ჩამოსაყვანად დაბრუნდნენ. ამ მოტივით ჯერ აგარაკზე მივიდნენ, თუმცა, იმის გამო, რომ იქ მათი მეგობრები აღარ იყვნენ, მანქანა ნატახტართან მოატრიალეს და ისევ თბილისისკენ დაბრუნება გადაწყვიტეს. არაგვზე გამავალი ხიდის გადასვლის შემდეგ კი, გზად ოთხი ახალგაზრდა დაინახეს...

„ქამრიში“ მჯდომი არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ მათი დანახვისას ვახტანგ ჩიქოვანმა დაიძახა, რომ მას სწორედ ამ ოთხმა ახალგაზრდამ სცემა. სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მანქანის გაჩერების შემდეგ, გზის პირას მდგარი შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ახვლედიანი და ქათამაძე დასავლეთის მიმართულებით გარბიან, მათ მისდევენ „ქამრის“ მგზავრები. მანქანიდან გადმოდის მძღოლიც, რომელსაც ხელში  მყარი საგანი უჭირავს - რა, უცნობია;  ამის შესახებ საქმის მასალებში ინფორმაცია არ მოიპოვება.

ჩვენებებიდან ირკვევა ისიც, რომ გიორგი ქათამაძემ სირბილის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც ხიდზე, გამყოფ ზოლში ბუჩქები დაინახა და იქ დაიმალა.

გური ამირხანაშვილი და ვახო ახვლედიანი კი ყვებიან, რომ შაქარაშვილი მათ წინ გარბოდა, თუმცა, სამალავის პოვნის შემდეგ, მისი კვალი დაკარგეს. ამირხანაშვილი ე.წ. ფერად შენობაში დაიმალა, ახვლედიანი კი ბუჩქებში, ხიდთან.

„მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს“, - წერს ამირხანაშვილი.

სადამდე სდიეს, ან დაეწივნენ თუ არა შაქარაშვილს, ჩვენებებში არ ჩანს. ფაქტია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ დევნის შემდეგ გაუჩინარდა.

„ტოიოტა ქამრის“ ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, სამალავიდან გამოდის ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. გადადის საავტომობილო გზაზე იმისთვის, რომ დასავლეთისკენ გაქცეული პირები ნახოს. ჩვენებაში წერს, რომ გზაზე გადასვლის შემდეგ, „ქამრი“ მოპირდაპირე მხარეს ხვდება.

საქმეში არსებული კამერებით დგინდება, რომ „ტოიოტა ქამრი“, რომელიც ვიდეოკამერების თვალთახედვიდან 00:50 საათზე გავიდა, თბილისში 01:20 საათისთვის ფიქსირდება; მაშინ, როდესაც ისინი დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ, გური ამირხანაშვილს ტოვებენ. კადრებში ჩანს, რომ მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ, ამირხანაშვილი გარკვეულ მანძილს ფეხით გადის, შემდეგ კი მასთან ამ დრომდე გაურკვეველი პირი მიდის.

ისევ მანქანები

„მერსედესისა“ და „ტოიოტა ქამრის“ გარდა, შაქარაშვილის საქმის ჟურნალისტური ძიების პროცესში, საქმეში კიდევ არაერთი მანქანა გაჩნდა. მაგალითად, საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არ დაინტერესებულა ორი ავტომობილით, რომლებიც არაგვის ხიდთან 01:05 საათზე ჩერდება, ზუსტად მაშინ, როცა მოპირდაპირე მხარეს შაქარაშვილი და მისი მეგობრები მიდიან.  მაშინ, როცა „ქამრიდან“ გადმოსული პირები შაქარაშვილს მისდევდნენ, შავი ფერის ორი ავტომობილი „ქებაბ ჰაუსთან“ ჩერდება, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იმალება.

საქმეში ჩანს კიდევ ორი ავტომობილი - „მერსედესი ცე-ელ-კა“ და „ტოიოტა ვიტსი“. ამ მანქანების მგზავრებიდან რამდენიმე, პირველივე დღეებში გამოკითხეს, დარჩენილი ნაწილით დაინტერესებისთვის კი გამოძიებას სამ კვირაზე მეტი დასჭირდა. ჩვენებაში ყველა მათგანი წერს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ და მცხეთაში არასრულწლოვანი მეგობრების წამოსაყვანად წავიდნენ. 

საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება - რატომ არ დაინტერესდა გამოძიება იმ მანქანებით, რომლებიც კამერებში ჩანდა და რომლის მგზავრების ჩვენებებშიც ბევრი უზუსტობაა.

არაგვის ხიდზე სულ ცოტა, კიდევ სამი ავტომობილი ფიგურირებს - საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისში “ტოიოტა ქამრით“ დაბრუნებულმა გური ამირხანაშვილმა მცხეთაში შაქარაშვილის მოსაძებნად წასვლა მეგობარს, ირაკლი წაქაძეს სთხოვა. საკუთარ ჩვენებაში წაქაძე წერს, რომ:

"ლუკას და საბას მეგობრები, რომელთა ვინაობაც ჩემთვის უცნობია, წავიდნენ მცხეთაში დარჩენილი მეგობრების ჩამოსაყვანად. მე დეტალურად არ დავკვირვებივარ მათ მანქანებს, თუმცა, მახსოვს, რომ ერთი იყო ვერცხლისფერი „ლექსუსი“, მეორე მუქი ფერის ჯიპის ტიპის მანქანა, ხოლო მესამე არ მახსოვს. მე და ჩემი მეგობრები დავრჩით ჩემს მანქანაში".

საქმეში იკვეთება კიდევ ერთი ავტომობილი, რომელმაც ხიდზე ნაცემი გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი თბილისში ჩამოიყვანა. ეს მანქანაა შავი „ჰიუნდაი“. დიდი ალბათობით, ეს ავტომობილი სწორედ წაქაძის მიერ ნახსენები სამი მანქანიდან ერთ-ერთია. საქმის მასალებში არაფერი წერია მესამე ავტომობილის, ვერცხლისფერი „ლექსუსის“ შესახებ.

კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც საქმეში მომდევნო დღეებში გამოჩნდა, თეთრი ფერის, უფანჯრო მიკროავტობუსია, რომელიც ე.წ. დიდუბის ეპიზოდში ფიგურირებს. „მთავარი არხის“ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ სწორედ ამ მიკროავტობუსიდან ჩამოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა, რომელიც საქმის „ოქროს მოწმე“ ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ესაუბრება.

„ოქროს მოწმე“ - გურამ ამირხანაშვილი

გურამ ამირხანაშვილი შაქარაშვილის ბავშვობის მეგობარია. ხიდის ეპიზოდის კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ის ერთ-ერთია იმათგან, ვინც ფეხბურთელი სიცოცხლის ბოლო წუთებში ნახა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ის ხიდზე არსებული დაპირისპირებისას, პირველი გაიქცა და ე.წ. ფერადი შენობის უკან, ბუჩქებში დაიმალა.

თუმცა, საქმეში არსებული ჩვენებებიდან გაირკვა, რომ ამირხანაშვილი არა ბუჩქებში, არამედ შენობაში იმალებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს შენობა 4 ივლისს, გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. ეს კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც საქმეში არსებულ ბუნდოვანებებს ამძაფრებს, რადგან,  ამით, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გადანდგურდა.

 „მთავარი არხის“ მიერ, 7 ივლისს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ დიდუბის სადგურში მასთან თეთრ პერანგიანი პირი მივიდა. ახალგაზრდა კაცი უფანჯრო, თეთრი მიკროავტობუსიდან ჩამოდის და ამირხანაშვილს დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში ესაუბრება.

ვის და რაზე ელაპარაკებოდა ამირხანაშვილი დიდუბის ავტოსადგურში, ამ დრომდე უცნობია. „ოქროს მოწმემ“ ჩვენება ხუთჯერ შეცვალა - ბოლო, მეხუთე ჩვენება გამოძიებამ საერთოდ გააქრო. როგორც ჩანს, „ოქროს მოწმის“ მეხუთე ჩვენება იმდენად არადამაჯერებელი გახდა, რომ ის გამომძიებლებმა საქმიდან უბრალოდ ამოიღეს.

ამირხანაშვილი დიდუბეში „ტოიოტა ქამრით“, დაპირისპირების მონაწილეებმა, ე.წ. ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოიყვანეს.

პირველი ჩვენების მიხედვით, ავტომობილში, ამირხანაშვილის გარდა, ექვსი ადამიანი იყო და მათ ის თბილისში, მისი ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს.

მეორე ჩვენებაში, 21 ივნისის გამოკითხვის ოქმში კი ამირხანაშვილი ყვება, რომ კონფლიქტის შემდეგ მას თბილისში წაყვანა შესთავაზეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ არავის უმოქმედია - „აღნიშნული პირები მე არ დამმუქრებიან და იძულებით არ ჩავუსვივარ მანქანაში“.

მესამე ჩვენებაში, 23 ივნისს ამირხანაშვილი ისევ მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედებებზე საუბრობს და ამბობს, რომ მანქანაში ჩაჯდომა მკაცრად მოსთხოვეს - „ერთ-ერთმა მათგანმა გადამხვია ხელი და ჩამსვა მანქანაში. გვერდიგვერდ ორ-ორი პიროვნება მომიჯდა, რათა არ გადავსულიყავი მანქანიდან“.

რატომ არ უნდა გადმოსულიყო ამირხანაშვილი მანქანიდან, რა იცოდნენ იმ ღამით საქმის ფიგურანტებმა, რატომ წამოიყვანეს მანქანით ნებით თუ ნების საწინააღმდეგოდ, მხოლოდ გური ამირხანაშვილი, ეს ამ საქმის ირგვლივ ცალკე კითხვის ნიშნებს ბადებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 23 ივნისით დათარიღებულ ჩვენებაში ამირხანაშვილი ამბობს, რომ მომხდარი კონფლიქტის შესახებ, პოლიციისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. რატომ - ესეც უცნობია.

ფოტოგრაფი და 112   

საქმის კიდევ ერთი მთავარი ფიგურანტი, დღემდე დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძეა. ტრაგიკული ღამიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 17 ივლისს, ფოტოგრაფის ადვოკატი ირმა ჭკადუა ბრეგვაძის ბულინგზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის სახალხო დამცველს მიმართავს და ბრეგვაძის საქმეში ჩართვას სთხოვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე დღეს, იაკობ ბრეგვაძე შსს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ იმყოფებოდა

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, იაკობ ბრეგვაძე ე.წ. ხიდის ეპიზოდში ფიგურირებს: კონფლიქტის დროს კი, როგორც ჩვენებაში ამბობს, „ქებაბ ჰაუსთან“, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში დაიმალა და ხიდზე მიმდინარე დაპირისპირებას შენობის მეორე სართულიდან აკვირდებოდა - ეს მის მიერ 20 ივნისს მიცემული ჩვენებით დასტურდება.

ფოტოგრაფის ეპიზოდში მნიშვნელოვანია მისი და 112-ის სატელეფონო ზარები; ბრეგვაძის მონათხრობით, ის რამდენჯერმე რეკავს საპატრულოში დახმარების მიზნით, თუმცა ეკიპაჟი მას ვერ აგნებს.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, თავად შსს-ს მიერ გავრცელებული ჩანაწერიდანვე ირკვევა, რომ ბრეგვაძემ პოლიცია „ქებაბ ჰაუსთან“ დაიბარა, შენობასთან, რომელსაც აბრა საერთოდ არ აქვს, თუმცა რუკაზე ჩანს და მისი პოვნაც მარტივად შესაძლებებლია.

პოლიციამ „ქებაბ ჰაუსის“ შენობას ვერ მიაგნო და ფოტოგრაფის ადგილსამყოფელი ვერც ნავიგაციით დაადგინა.

ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც „შკოდა“ დაპირისპირების ადგილას მივიდა, ბრეგვაძემ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ ინციდენტი ამოწურული იყო და მათ თბილისში წაყვანა სთხოვა.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამიყვანა თბილისის მიმართულებით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე პოლიციის მოსვლამდე ვუთხარი 112-ის ოპერატორს, რომ გაეუქმებინათ ჩემს მიერ მანამდე გაკეთებული შეტყობინება, ვინაიდან კონფლიქტი იყო ამოწურული და აღარ ვსაჭიროებდი პოლიციის დახმარებას". 

როგორ აიხსნება პოლიციის დაგვიანებული და არამართლზომიერი რეაგირება, ამაზე პასუხი არ არსებობს. სამართალდამცველებს ფაქტთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენიათ, ბრეგვაძე მისი თხოვნის შესაბამისად, მანქანაში ჩასვეს და თბილისში წამოიყვანეს.

ბრეგვაძის 20 ივნისს პირველი ჩვენების თანახმად, ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, ამ ოქმის საპირსპიროდ, მეორე ჩვენებაში კი, რომელიც უკვე 21 ივნისით თარიღდება, იაკობ ბრეგვაძე ყვება, რომ 112-ში დარეკა და კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შემდეგ კი შეტყობინება გააუქმა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე „შკოდას“ მარკის ავტომობილით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა.

საქმეში არ ჩანს არანაირი შეკითხვა, რატომ მივიდა პოლიცია ამ ტერიტორიაზე შეტყობინების გაუქმების მუხედავად და თუ მივიდა, რატომ ადგილზე არ მოიძიეს მათ ვითარების არსი და არ დასვეს დამატებითი კითხვები - რა ხდებოდა ხიდზე.

საეჭვოა ისიც, რომ იაკობ ბრეგვაძისა და 112-ის ოპერატორის საუბარი მხოლოდ 7 ივლისს გამოქვეყნდა. დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ შსს-ს მიერ გასაჯაროებული სატელეფონო ჩანაწერი ორი რიცხვით თარიღდება - პირველი ზარი - 19 ივნისის
00:45 საათი, როდესაც ბრეგაძემ 112-ში დარეკა. მეორე ზარი კი, როცა ბრეგვაძეს 112-ის ოპერატორი ურეკავს, უკვე 30 ივნისით თარიღდება. სწორედ ამიტომ, ადვოკატს მიაჩნია, რომ ჩანაწერი, დიდი ალბათობით, გაყალბებულია.

ასევე საეჭვოა, რომ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის მეხსიერების ბარათზე, რომელიც პოლიციამ საქმის ძიების პროცესში გაშიფრა, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე გადაღებული არცერთი ფოტო არ არის. ჩნდება კითხვა,  ხომ არ მისცა მან გამოძიებას სხვა მეხსიერების ბარათი.

კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, ის გასაიდუმლოებული ზარია, რომელიც 18 ივნისით თარიღდება.
„მთავარი არხის“ მიერ მოპოვებული მასალებიდან, ირკვევა რომ ფოტოგრაფმა ტრაგედიის ღამეს პირადი მობილურიდან დაშიფრულ ნომერზე დარეკა. ვის ესაუბრა ბრეგვაძე - არავინ იცის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ნომერი საერთო სატელეფონო ბაზაში არ იძებნება. ფოტოგრაფმა კი უცხო ნომერს, 112-თან დაკავშირებამდე დაურეკა და ჩვენთვის უცნობ ადამიანს 91 წამის განმავლობაში ესაუბრა.

ასევე საინტერესოა, რომ 3 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა ფეისბუქის საჯარო პოსტში განმარტა, რომ ფოტოგრაფი ბრეგვაძე მისი ნათესავია.

ჩნდება კითხვა - ხომ არ დაურეკა ბრეგვაძემ საკუთარ ნათესავ ნინო გიორგობიანს ტრაგედიის ღამით?! - პასუხი არც ამაზე არსებობს.  

კიდევ ერთი უზუსტობა: ირკვევა, რომ ტრაგედიის ღამით, რამდენიმე ახალგაზრდა, თემქაზე, ერთ-ერთი მეგობრის ბინაში შეიკრიბა, მათთან ერთდ იყო ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც, რომელმაც მანამდე მისსავე ჩვენებებში თქვა, რომ როდესაც მცხეთიდან პოლიციელებმა თბილისში ჩამოიყვანეს, ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. რატომ დამალა ბრეგვაძემ, ის რომ თემქაზე მეგობრებთან ერთად იყო, ჯერჯერობით არც ამ კითხვაზე არსებობს პასუხი.

თემქის ბინაში იაკობ ბრეგვაძესთან ერთად ანა გაბეჩავა, მარი და ვაჟა ადეიშვილები, ლიზი ნადირაძე, მარიამ კვაჭაძე და გიორგი ფოცხვერაშვილი იყვნენ.

უცნაურია, რომ არც ერთმა მათგანმა, ღამით არც პოლიციაში და არც ოჯახში, არ დარეკა და დაბადების დღეზე მყოფი გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არ აცნობა.

 

ამ ფოტოებით დგინდება, რომ იაკობ ბრეგვაძე ნამდვილად იყო 18 ივნისის ღამეს თემქაზე, იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე ნარკვევავში დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

ამის პარალელურად კი, როგორც ვიცით, ხიდზე დარჩენილი არიან - გიორგი შაქარაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე, გიორგი ქათამაძე, კოკო ღიბრაძე და გურამ ამირხანაშვილი.
ამირხანაშვილი, რომელიც, მისი ჩვენებების მიხედვით, ნებით თუ ძალდატანებით თბილისში ჩამოიყვანეს, სწორედ აქ იკვეთება ახალი გარემოებები, საქმის ახალი ფიგურანტები და კიდევ ერთი მანქანა - თეთრი ფერის, უფანჯრო მიკროავტობუსი, საიდანაც თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი გადმოდის და ვიდეო კამერების ჩანაწერის მიხედვით, 4 წუთის განმავლობაში ესაუბრება გური ამირხანაშვილს.

ვინ არის „კაწრო

„მთავარ არხზე“ 26 ივნისს გასული რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ „ნახალოვკის“ სპორტსმენების დაჯგუფებას კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის შვილი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ ხელმძღვანელობს.  „კაწრო“ ბერა ივანიშვილის მეგობარიცაა, მეტიც, ბილანიშვილი ბერას შვილის ნათლიაა. მათ შორის კავშირს, სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაერთი ფოტოც მოწმობს.

რა კავშირშია „კაწრო“ შაქარაშვილის საქმესთან?

7 ივლისს, „მთავარის“ მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, გამოითქვა ვარაუდი, რომ სწორედ „კაწროა“ ის პირი, რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც „ოქროს მოწმე“ იქ მცხეთიდან მომავალმა „ტოიტა ქამრიმ“ დატოვა.

ახალგაზრდა, თეთრპერანგიანი კაცი დიდუბეში თეთრი, უფანჯრო მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა, შემდეგ კი ამირხანაშვილს ესაუბრა.

რაზე ისაუბრეს ამ ადამიანმა და „ოქროს მოწმემ“, არავინ იცის - ჩვენებაში ამ თემაზე არავინ საუბრობს. უფრო მეტიც, ამირხანაშვილი არცერთ ჩვენებაში არ ამბობს, რომ დიდუბეში თეთრპერანგიან მამაკაცს შეხვდა.

კადრების გასაჯაროებიდან მესამე დღეს „კაწრო“ რაჭაში, „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთადაც იმყოფებოდა.მხოლოდ ამის შემდეგ, 8 ივლისს დაიბარეს ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ გამოკითხვაზე.

ამავე დღეს, გამოკითხვაზე იმყოფებოდა საქმის ახალი ფიგურანტი, ლევან ლურსმანაშვილიც. ის შსს-ში მას შემდეგ მივიდა, რაც ბილანიშვილმა ტერიტორია დატოვა, მისმა ადვოკატმა კი თქვა, რომ კადრებში „კაწრო“ კი არა, ე.წ „კაწრო მეორე“, ანუ თეთრპერანგიანი მამაკაცი ჩანს.

მოგვიანებით, 14 ივლისს, კაწროს მეუღლემ, ნათია რუხაიამ, ბილანიშვილის ნაცვლად, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ქარტიაში უჩივლა.

"ავათანდილ ბილანიშვილის მიმართ განხორციელებული დაუსაბუთებელი, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების გაჟღერება სატელევიზიო სივრცეში, რომელმაც მიაყენა ძალინ დიდი მორალური ზიანი" - ნათქვამია საჩივარში.

„კაწრო მეორე“-  ლევან ლურსმანაშვილი

ხაშურში მცხოვრები ხელოსანი, ლევან ლურსამანაშვილი,  გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, მედიასთან ადასტურებს, რომ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ კადრებში სწორედ ის ჩანს.

მისივე თქმით, თეთრი მიკროავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ, ის დიდუბეში უცნობმა პირმა [ანუ გური ამირხანაშვილმა] გააჩერა და ტელეფონით სარგებლობა სთხოვა, თუმცა, მისივე თქმით, ვერ დაეხმარა, რადგან ანგარიშზე საკმარისი თანხა არ ჰქონდა.

ამბობს იმასაც, რომ ღამის 12 საათზე, თბილისში პირად საქმეზე ჩამოვიდა, თუმცა, იმ მეგობრის მისამართი, რომელთანაც ის დიდუბიდან მივიდა, არ ახსოვს. ლურსმანაშვილი ასევე ყვება, რომ ხაშურიდან თბილისში, ჭიათურიდან მომავალი სამარშუტო ტაქსით ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ჭიათურელი მიკროავტობუსის მძღოლების თქმით, ამ მარშრუტით სამგზავრო მიკროავტობუსები საერთოდ არ დადიან.

საინტერესოა, რისთვის ჩამოვიდა ოჯახის ახლობლის ნიშნობიდან ლურსამანაშვილი ღამის 12 საათზე თბილისში და რატომ გაბრუნდა უკან, მეორე დილითვე.

პასუხგაუცემელი კითხვები            

შაქარაშვილის გაუჩინარებიდან 1 თვის შემდეგაც კი უამრავი გარემოებაა, რომელიც ეჭვს ბადებს.  დღემდე არ გვაქვს პასუხები საკვანძო კითხვებზე.

  • საეჭვო ვითარებაში გადაიწვა „ოქროს მოწმის“ სამალავი - გადაწვეს თუ შემთხვევითობა?
  • თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც თეთრი მიკროავტობუსიდან ჩამოდის და "ოქროს მოწმეს" ესაუბრება. რაზე?
  • გაყალბდა თუ არა 112-ის ჩანაწერები?
  • 4-5-ჯერ დაიკითხნენ მოწმეები -  საქმეში ურთირთგამომრიცხავი ჩვენებებია;
  • რამდენი მანქანა ფიგურებს 18-19 ივნისის ღამით?
  • რატომ არ არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი?
  • რატომ არ გამოითხოვა პოლიციამ კამერების ჩანაწერები დროულად?

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის გამო წაიშალა სათვალთვალო კამერების ვიდეოები - პროკურატურამ მერიას კამერების ამოღებაზე დაგვიანებით მიმართა. აქვე, ნიშანდობლივია ისიც, რომ ადგილზე არა მერიის, არამედ შსს-ს კამერებია დამონტაჟებული. და საქმიდან ჩანაწერები გამქრალია იმ ფონზე, როცა უწყებაში ამბობენ, რომ მათ მიერ დამონტაჟებული ახალი კამერები ჩანაწერებს  30 დღის განმავლობაში ინახავს.

მორიგი ინფორმაცია, რომელიც ბევრისთვის თავდაპირევლად დამაბნეველი გახდა, შემდეგია:

27 ივნისს პროკურატურა ასაჯაროებს დაახლოებით რვაწუთიან ვიდეომასალას, ამასთან ერთად ავრცელებს განცხადებას და საქმეში რკინის ხელკეტების არსებობასაც ოფიციალურად ადასტურებს.

თუმცა, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა არასრულია.

პროკურატურის კადრების გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში, „მთავარმა არხმა“  საგამოძიებო უწყების მიერ გადამალული 14-წუთიანი მასალა გაშიფრა და გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს რამდენჯერმე უპირისპირდებიან.

ამიტომ ისმის კითხვა, რატომ არ გვაჩვენა უწყებამ სრული ჩანაწერი და ის მონაკვეთები, სადაც ჩანს როგორ მისდევენ ქამრის მგზავრები შაქარაშვილს და მის მეგობრებს.

მთავარი კითხვის ნიშანი - წელის ჩანთა

შაქარაშვილის წელის ჩანთის მდებარეობა პოლიციას საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, გური ამირხანაშვილმა გაუმხილა. საიდან იცოდა „ოქროს მოწმემ“ ეს ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.  

ვინ შემოდო წელის ჩანთა ხიდის კოლონაზე? - ამ საქმის ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას სწორედ ხეობაში ნაპოვნი ჩანთა აჩენს.

ჩხუბში დავარდა, სპეციალურად მოიხსნა თუ კვალის დასაფარად ჩანთა განზრახ დადეს, ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს.

მაშინ როცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ საფრთხის ქვეშ მყოფი გიორგი, რომელიც მდევრებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, ჩანთას, დიდი ალბათობით, არც მოიხსნიდა და არც მოწესრიგებულად დატოვებდა მდინარესთან სიბნელეში, ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამ ქცევას ბუნებრივად თვლიდა და მას გიორგის ხასიათის თავისებურებებით ხსნიდა

წელის ჩანთა დღემდე არის ის საკვანძო ნივთმტკიცება, რომელმაც შესაძლოა, ბევრ რამეს ფარდა ახადოს. დადეს თუ თავად დადო გიორგიმ? თუ დადეს - რატომ?

შაქარაშვილის ბიძა - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის რამდენიმე კონტროვერსიული განცხადება:
ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, მირიან ნიკოლაძე ვარაუდობდა, რომ ალბათობა, რომ ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი, შესაძლოა, რაიმე ფატალური შედეგის მიზეზი გამხდარიყო, მინიმალური იყო.

მირიან ნიკოლაძე ცდილობდა, წყალში გადავარდნის ვერსია საფუძვლიანად გამოეცხადებინა და მხოლოდ მოგვიანებით, სხვადასხვა სიუჟეტისა და  უკვე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ თქვა,  რომ რელიეფის გამო, წყალში ჩავარდნა გამორიცხული იყო.

მირიან ნიკოლაძე იყო ის პირიც, რომელიც მაშინ, როცა ყველა ერთხმად თანხმდებოდა, რომ გამოძიებამ მოქმედებების ჩატარება დააგვიანა, საპირისპიროს ამტკიცებდა.

თავისსავე ოჯახის წევრის გარდაცვალების საქმეზე მირიან ნიკოლაძეს, არც მოწმეების ამოცნობის დაგვიანება გაუპროტესტებია.

იურისტ ნიკოლაძეს პრეტენზია არც მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებზე ჰქონია.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი, მირიან ნიკოლაძე და მოკლული შაქარაშვილის ოჯახი „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებისთვის ბრალის დამძიმებას და მათი 109-ე მუხლით გასამართლებას ითხოვს.

"გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ გადააგდეს მდინარე არაგვში", - თქვა 19 ივლისს მირიან ნიკოლაძემ, ექსპერტიზის გასაჯაროების შემდეგ.

მირიან ნიკოლაძისთვის მნიშვნელოვანი არც პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში არსებული ჭრები ყოფილა. ამბობდა, რომ ასეთი კადრები მონტაჟდებოდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალდებიდან 24 დღის შემდეგ მირიან ნიკოლაძე პოლიტიკურ კარიერას იწყებს. როგორც ირკვევა, მისი მთავარი მიზანი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაქრობაა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

მირიან ნიკოლაძემ ვრცელი, საჯარო, ფეისბუქ-პოსტი მიუძღვნა ნიკა გვარამიას. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლაძე „მთავარ არხთან“ აღარ თანამშრომლობს. 

ექსპერტიზა

სამხარაულის ექსპერტიზამ შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღმოაჩინა - დადგინდა, რომ მას რამდენიმე ადამიანი ბლაგვი საგნით ურტყამდა. ამის მიუხედავად, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზი დახრჩობაა, რადგან სიკვდილი წყალში დადგა.

ექსპერტიზაში ჩართული იყო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც გარდაცვლილის ბიძის მირიან ნიკოლაძის თქმით, მისი ნდობით აღჭურვილი პირია და ის გეჯაძეს ენდობა. სწორედ გეჯაძისა და სამხარაულის დასკვნიდან გამომდინარე, გენერალურმა პროკურორმა გამოძიება გადააკვალიფიცირა და აქამდე არსებულ მუხლებს ყველაზე მძიმე, 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ეს ინფორმაცია პროკურატურამ 10 ივლისს გაასაჯაროვა. თუმცა, ამის შემდეგ ერთ კვირაზე მეტი გავიდა და დაკავებულებს ამ მუხლით ბრალი ამ დრომდე არ წარდგენიათ.

“მდინარეში პოვნისას გიორგი შაქარაშვილი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო”, - ამის შესახებ კი უკრაინელმა ექსპერტმა გალინა კარმუშინამ ნიკა გვარამიას საავტორო გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. ექსპერტის თქმით, ამაზე რამდენიმე გარემოება მიუთითებს:

  • ცხედარს, ექსპერტიზისას ე.წ. გვამური გაშეშება აღენიშნებოდა, რაც გარდაცვალებიდან 48 საათში სხეულს აღარ უნდა ჰქონდეს.
  • ექსპერტიზისას არ იყო დაწყებული სხეულის ხრწნა. რაც მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, თუ შაქარაშვილი მართლაც 4 დღის გარდაცვლილი იყო, აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.
  • ცხედარს აღენიშნებოდა გარკვეული მანიპულაციები, რასაც მოწმობს გვამური ლაქები ზურგსა და მუცელზე... როგორც ჩანს, სხეული თავდაპირველად ზურგით ესვენა, შემდეგ კი მუცლის მხარეს გადააბრუნეს, - ასკვნის ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ექსპერტი, ქართული ექსპერტიზის მსგავსად, ამბობს, რომ სიკვდილი დადგა წყალქვეშ, რადგან იკვეთება დახრჩობის აშკარა ნიშნები. შაქარაშვილი ცოცხალი იყო, როდესაც ის წყალში ჩავარდა, თუმცა რა მდგომარეობაში, ამის დაზუსტებით თქმა რთულია. ნიშანდობლივია კარმუშინას განმარტება კიდევ ერთ ფაქტორზე - ცხედარს სისხლჩაქცევები ეტყობოდა, რომლებიც წყალქვეშ, გარდაცვლილ ადამიანს, უბრალოდ, ვერ გაუჩნდებოდა.

გალინა კარმუშინას ამ განცხადებების შემდეგ, ცხედრის პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნულ ფრაზას - "გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში" - მექანიკურ შეცდომას უწოდებს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. იგი ამბობს იმასაც, რომ შეუძლებელია, ცხედარს გვამური გაშეშების პარალელურად, ლპობითი ცვლილებები უფიქსირდებოდეს."ეს ოქმი გამომძებლის მიერ ექსპერტის კარნახითაა შედგენილი. იმ ადგილზე რა რია-რიაც იყო, კარგად ნახეთ. შესაბამისად, ეს არის მექანიკური შეცდომა. ამაში ორი აზრი არ არის".

კიდევ რა "მექანიკური შეცდომებია" გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბურუსით მოცულ საქმეში, ამაზე პასუხს დამოუკიდებელი ექსპერტისგან ველოდებით.

ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. ისმის კითხვა, არის თუ არა ყველა დამნაშავე დაკავებული და ყველა დაკავებული - დამნაშავე შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში.

დაკავებულებს ბრალი ამ დრომდე სხვა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აქვთ წარდგენილი. საქმეს ახალი ფიგურანტები ყოველდღიურად ემატებიან, თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს მათი გამოკითხვებიც. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.

"მთავარი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

ავტორი: მარია გეგეჭკორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი