აქციის მონაწილე სტუდენტების სამინისტროში დაბარების შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის - განათლების სამინისტრო

გამოქვეყნდა:

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია აქციის მონაწილე სტუდენტების სამინისტროში დაბარების შესახებ. 

როგორც უწყება განმარტავს, სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქციის მონაწილე სტუდენტთა სამინისტროში დაბარების თაობაზე.

პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა. შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული.

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში – სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა", - ვკითხულობთ უნივერსიტეტის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა.

თსუ-ს სტუდენტმა, ლუკა შველიძემ "ფორმულას" უთხრა, რომ მას განათლების მინისტრის მოადგილე, ნანუკა მიცკევიჩი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის სახელზე სამინისტროში დაშვებული არის საშვი და დღეს, 2 საათზე სტუდენტს სამინისტროში ელოდებიან.

"არა რუსეთს!" - ამ შეძახილებით გუშინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეულ ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილს დახვდნენ და სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. ელიზბარაშვილი ალტ-ინფოს ხშირი სტუმარია. ამის შემდეგ, ლექტორი სტუდენტებს დაემუქრა, რომ "დაიბარებდნენ იქ, სადაც საჭირო იქნებოდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი