რუსთაველის გამზირზე ჩავლის დრო რადიკალური, პრორუსული "ალტ-ინფოს" მხარდამჭერებმა ქვა ესროლეს იურიდიულ ფირმა "BGI"-ის ოფისის აივანს. ხელმძღვანელი, ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ "ალტ ინფოს" მხარდამჭერები მათთან მიზანმიმართულად მივიდნენ, დაიწყეს გინება.
მისი თქმით, არ არსებობს "ალტ ინფო" ან "ხალხის ძალა" ეს არის "რუსული ოცნება" და ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს და ქვეყნის მომავალი საკუთარ კეთილდღეობაში გაცვალოს.
მისი თქმით, ოფისის აივანზე უკრაინის დროშასთან ერთად საქართველოს დროშაც ეკიდა, შესაბამისად, მას არ სჯერა რომ რადიკალური ჯგუფების წევრები ამან გააღიზიანა.
"პოლიცია აქ იმდენი მოვიდა, რომ ქვემოთ რომ ყოფილიყო ამდენი პოლიციელი, ეს ვერ მოხდებოდა, ცხადია, მათ რომ მართლა კანონის ინტერესი ამოძრავებდეთ და არა ივანიშვილისა და პუტინის ინტერესების დაცვა. მათ წაიყვანეს დაკითხვა იმ მიმართულებით, რომ აბა თქვენი აზრით, რატომ ისროლეს. რა ვიცი, ჩანს ის ტიპი კადრებში, დაიჭირე და დაკითხე, იმას ჰკითხე, მე რა ვიცი იმან რატომ ისროლა. იქნებ თქვენ პრეტენზია არ გაქვთ, რატომ უნდა აღვძრა საერთოდ საქმე. [...] აქ იყო ქვედა რგოლის წესიერი პოლიციელები, მერე მოვიდნენ ზედა ბობოლა ტიპები, რომლებსაც უკვე პოლიტიკური დავალება აქვთ ბუნებრივია, ისინი ცდილობდნენ ამ ყველაფრისთვის მიმართულების მიცემას. ნივთმტკიცებაც კი არ წაუღიათ, აქ დევს, როგორც ჩამოვარდა, პოლიცია მოვიდა 20 კაცი, როგორც ეგდო ისევ აქ გდია ეს ქვა", - ამბობ ზაზა ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრორუსული, რადიკალური, ძალადობრივი "ალტ-ინფოს" წევრებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოხსნეს და დაწვეს. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.