დასკვნითი დღე ინგლისის საფეხბურთო პრემიერ ლიგაში

გამოქვეყნდა:

მართალია ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩემპიონი ბოლო ტურამდეც საკმაოდ დიდი ხნის გამოვლენილი იყო, მაგრამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ევროთასების საგზურისთვის და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ჩემპიონატის ბოლომდე გაგრძელდა.

ტურის ცენტრალური მატჩი ლესტერში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა სიტიმ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა.

მანჩესტერელებს ფრეც ჰყოფნიდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოეპოვებინათ, ლესტერს კი აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა. სწორედ, მანჩესტერმა, მეორე ტაიმში, ბრუნო ფერნანდესის პენალტიდან და კომპენსირებულ დროში, ჯეისი ლინგარდის გატანილი გოლებით მოახერხა, სერიოზული საკადრო პრობლემების მქონე ლესტერის დაჯაბნა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა.

"ტოტენჰემს" მეექვსე საევროთასო ადგილისთვის "კრისტალ პალასთან" აღებული ერთი ქულაც ეყო, იმ პირობებში, როდესაც "ვულვერჰემპტონმა" ჩელსისთან 0-2 დათმო გასვლითი მატჩი და საევროთასო ექვსეულის მიღმა დარჩა.

უმძიმეს ბრძოლაში მოახერხა ადგილის შენარჩუნება „ასტონ ვილამ“.
ბირმინგემელებმა სეზონის ბოლო ნაწილი ბრწყინვალედ ჩაატარეს და ბოლო 4 თამაშიდან არცერთი არ წაუგიათ. ბოლო ტურში, „ვესთ ჰემთან“ ფრეც ჰყოფნიდათ, რასაც მიაღწიეს კიდეც. ბირმინგემელები "ვესთ ჰემთან" 84-ე წუთზე, ჯეკ გრილიშის გოლით დაწინაურდნენ.
მართალია, მათ უკრაინელმა ლეგიონერმა ანდრეი იარმოლენკომ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ბოლო წუთებში  ბირმინგემელებმა შეძლეს კარის მშრალად შენახვა და ოქროს ერთი ქულა მოიპოვეს.

"უოტფორდმა" "არსენალთან"  დათმო შეხვედრა, "ბორნუთს" კი "ევერტონთან" გასვლითი გამარჯვება არ ეყო, რომ "ასტონვილას" დაწეოდა.

შედეგად, პრემიერ ლიგას "ნორვიჩი", "უოტფორდი" და "ბორნმუთი" დაემშვიდობნენ. მათ ჩემპინშიფიდან, 16 წლის შემდეგ დაბრუნებული "ლიდს იუნაიტედი", "ვესტ ბრომვიჩი" და პლეიოფის შემდეგ გამოვლენილი მესამე გუნდი ჩაანაცვლებენ;
პლეიოფში მესამე საპრემიერლიგო საგზურისთვის "ბრენტფორდი", "სუონსი", "ფულემი" და "კარდიფი" იბრძვიან.

და ბოლოს, პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 23 გოლით "ლესტერის" ფორვარდი ჯეიმი ვარდი გახდა.

 

ავტორი: ერეკლე მენაბდე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი