სამუშია სტუდენტებს დაპირდა, რომ გომელაურს სთხოვს, საერთო საცხოვრებლებში შესვლის წინ, თსუ-ს ოფიციალურად აცნობონ - შეხვედრა თსუ-ში

გამოქვეყნდა:

თსუ-ის რექტორი სტუდენტებს დაპირდა, რომ შს მინისტრს თხოვნით მიმართავს, მომავალში, საერთო საცხოვრებელში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ უნივერსიტეტს წინასწარ, ოფიციალურად აცნობოს. ამის შესახებ ჯაბა სამუშიამ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გარდა ამისა, სამუშიას თქმით, მოითხოვს, რომ ასეთი ღონისძიებებს მომავალში, თსუ-ის წარმომადგენელიც დაესწროს.

ირკვევა, რომ თსუ-ის ადმინისტრაცია საერთო საცხოვრებლის შემოწმებაზე წინასწარ ინფორმირებული არ იყო. 

სამუშია ამბობს, რომ შსს სტუდენტურ საცხოვრებლებს პრევენციის მიზნით ამოწმებს და რომ ეს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რაშიც მას სტუდენტები არ დაეთანხმნენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ სამართალდამცველების შესვლა საერთო საცხოვრებელში მათ დაშინებას ემსახურება.

"ვთხოვ, რომ მომავალში, როდესაც მსგავსი აუცილებლობა იქნება ინახოს საცხოვრებელი, ხომ არ ცხოვრობს იქ ისეთი ადამიანი, ვინც არ უნდა ცხოვრობდეს, ინტენსიურად ითანამშრომლოს ჩვენს დაცვასთან. მე ვთხოვ, რომ წინასწარ უნივერსიტეტს შეატყობინოს. ეს პრაქტიკა როგორც ჩანს წინა პერიოდში არ იყო, მაგრამ ახლა დავამკვიდროთ" მიმართა სტუდენტებს სამუშიამ.

რექტორის თქმით, ამავე მიზნითა და თხოვნით, განათლების ახალ მინისტრსაც შეხვდება.

ახალგაზრდებმა სამუშიასგან საჯაროდ მოითხოვეს ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლის ფაქტის დაგმობა. რექტორი კი აღნიშნავდა, რომ საცხოვრებლების შემოწმება და აღწერა წინა წლებშიც ხდებოდა, შემდეგ პანდემიის გამო შეჩერდა და ამ ფაქტს აქციებთან არავითარი კავშირი არ აქვს, რაშიც სტუდენტები მას არ დაეთანხმნენ. 

შეგახსენებთ, 18 მარტს "მაისის სტუდენტური მოძრაობამ" ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა. ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ მომხდარი მარტის აქციებში თსუ-ის სტუდენტების მონაწილეობას უკავშირდება და ხელისუფლება აქციებში მონაწილეების გასანეიტრალებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

იხილეთ ასევე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი