შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში შესვლასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
"უწყების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრის როლი, რომლის კომპეტენციაში არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად შედის ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება;
მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ახორციელებენ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და პირველად დამუშავებას.
სწორედ აღნიშნული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმიურ საქმიანობას აწარმოებდნენ.
სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და რეგიონის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
საერთო ჯამში ტერიტორიაზე დაახლოებით 1 500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი.
გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ვიზიტის განხორციელებისას, მართლწესრიგის ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს.",- ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოუწოდებს ყველა პირს, ახალგაზრდულ მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ინტერესის გამო თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.
შეგახსენებთ, 18 მარტს "მაისის სტუდენტური მოძრაობამ" ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა. სტუდენტები ამბობდნენ, რომ მომხდარი მარტის აქციებში თსუ-ის სტუდენტების მონაწილეობას უკავშირდება და ხელისუფლება საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების გასანეიტრალებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.
"უნივერსიტეტის ღირსებისთვის - საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ" - სტუდენტების ორგანიზებით, ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია დღეს, 22 მარტს, 14:00 საათზე, თსუ-ის ეზოში გაიმართა.