სამი წლის წინ, მცხეთაში, საფეხბურთო სტადიონზე დაღუპული ფეხბურთელის ოჯახი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. შოთა მამინაშვილის ოჯახის წევრები სპორტსმენის გარდაცვალებაში საფეხბურთო კლუბსა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს ადანაშაულებენ.
31 წლის ფეხბურთელის დედამ სამედიცინო რეგულირების სააგენტოდან დასკვნა დღეს მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ დაღუპული მოედანზე სამედიცინო შემოწმების გარეშე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ გულის პრობლემები აწუხებდა.
სპორტსმენის დედა და მისი ადვოკატი ამბობენ, რომ მცხეთაში გამართული საბედისწერო მატჩის დროს, ადგილზე არ იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა. ის მოგვიანებით გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ბრიგადას შესაბამისი აღჭურვილობა არ აღმოაჩნდა.
ვადანაშაულებ ჩემს განცხადებებში საფეხბურთო ოჯახს, რომელსაც წარმოადგენს კობიაშვილი, წარმოადგენს დეპუტატი ყაველაშვილი, წარმოადგენს ბატონი კახა კალაძე, რომელიც, მართალია, ქალაქის მერია, მაგრამ ეს არის ერთი საძმო, ერთი სამეგობრო... ისე არ დაამტკიცებს, არ დაუშვებს გუნდს ჩვენი ფედერაცია, ბატონ ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, თუ არ აქვს რომელიმეს გავლილი სამედიცინო შემოწმება და ჩემი შვილის გრაფაში არის "ლევი" ხელწერა, - ამბობს დაღუპული ფეხბურთელის დედა ლილიტა იაშვილი.
ადვოკატ კახა კოკაიას თქმით, მამინაშვილს თამაშის დაწყებამდე სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. მეტიც, საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს", სადაც დაღუპული თამაშობდა, საერთოდ არ ჰყავდა ექიმი.
ექსპერტიზა ჩაუტარდა გარდაცვლილს. გაკვეთის დროს დადგინდა, რომ უამრავი კარდიოლოგიური პრობლემები ჰქონდა ფეხბურთელს. საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ერთმნიშვნელოვნად, კატეგორიულად გვიწერს იმას, რომ შოთა მამინაშვილს არანაირი სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. მეტიც, ამ დასკვნაში მითითებულია, რომ ექიმი საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" არც კი ჰყოლია, - განმარტავს ადვოკატი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე