დატოვოს თანამდებობა დირექტორმა - რესპუბლიკურის ექიმები აქციას მართავენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ. ექიმები კლინიკის მისაღებში არიან შეკრებილები. მედპერსონალი პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს, მათ სურთ პასუხის მიღება კითხვაზე - რა ბედი ელის კლინიკას და იქ დასაქმებულებს, თუ საავადმყოფოს დაანგრევენ.

"თვეზე მეტია ვერაფრით ვერ გავიგეთ რა ხდება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კონკრეტულად. პირველად, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო თურმე უნდა დაინგრეს გავიგეთ ერთი თვის წინ დაახლოებით, მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუდან. მას შემდეგ არანაირი კომუნიკაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან არ ყოფილა, ჩვენი ადმინისტრაციაც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გვცემს და დამოკიდებულია სამინისტროს პოზიციაზე", - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

მისი თქმით, მინისტრისგან და მისი პირველი მოადგილისგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იღებენ. ექიმები ამბობენ, რომ კლინიკას აქვს საშუალება რეაბილიტაციის პერიოდში სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა არ შეწყდეს.

ექიმებს ამ დრომდე არ შეხვედრია კლინიკის დირექტორი. 

"ჩვენი მოთხოვნაა გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა უწყვეტ რეჟიმში, პარალელურად გაგრძელდეს რეაბილიტაციის გეგმა. დღეს შეკრების მთავარი მიზეზი არის დატოვოს დაკავებული თანამდებობა ბატონმა ზაზა ავალიანმა", - თქვა კიდევ ერთმა ექიმმა. 

22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის დემონტაჟი დააანონსა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის სრულიად გამორიცხული".

ავტორი: ირაკლი ბახტაძე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი