უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე წერს, რომ ხელისუფლებას არ მოსწონს ტელეკომპანია "პალიტრას" სარედაქციო პოლიტიკა, ამიტომ ის შეეცდება ტელევიზიის წინააღმდეგ საკუთარი ინსტრუმენტები აამოქმედონ.
"საკითხი ასე დგას - ხელისუფლებას არ მოსწონს სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს პალიტრას. ბევრი ღირსებული ადამიანი მუშაობს პალიტრაზე და ვფიქრობ, ისინი არ დათმობენ დამოუკიდებლობის იმ ხარისხსა და სარედაქციო პოლიტიკას, რაც ახლა აქვთ.
მეორე მხრივ ხელისუფლება შეეცდება საკუთარი ინსტრუმენტები ნელნელა აამოქმედოს მის წინააღმდეგ (ამ ეტაპზე ეს შეიძლება იყოს როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატების შემცირება, ისე უფრო მკაცრი - ბოიკოტის გამოცხადება)", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბოლო პერიოდში პალიტრას ტელევიზია "კეზერაშვილის სხვა ტელევიზიებს დაემსგავსა და ფორმულა 2 გახდა". ამის შესახებ კობახიძემ "იმედის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც "ოცნების" თავმჯდომარეს ჰკითხა, რა ინფორმაცია აქვს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია პალიტრას თანამშრომლობასთან დაკავშირებით.