რესპუბლიკურის ექიმების სამი მოთხოვნა - მედიკოსებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და მოითხოვეს, სახელმწიფო დაუბრუნდეს კლინიკის რეაბილიტაციის პირვანდელ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რეკონსტრუქციის პარალელურად კლინიკის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას, ასევე ითხოვენ საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის გადადგომასა და პრემიერთან შეხვედრას.
"ჯანდაცვის მინისტრის მიერ, ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა.
ვითხოვთ, დაუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას. არსებული პროექტით რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას მუშაობის უწყვეტობის პირობებში;
ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან;
პრემიერმინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. ამიტომ საკითხის საბოლოო დაზუსტების მიზნით, ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას" ნათქვამია ექიმების განცხადებაში.
რესპუბლიკურში სოლიდარობის გამოსახატად იმყოფებოდა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, თუმცა ექიმებმა მასთან საუბარში განაცხადეს, რომ არ აქვთ სურვილი პროტესტს პოლიტიკური სახე მიეცეს.
თავად ნათელაშვილმა კი აღნიშნა, რომ ისტორიული დაწესებულების ადგილას ბინათმშენებლობა იგეგმება. ნათელაშვილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიმართავს ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.
ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა გუშინ დატოვა.
ავტორი: საბა ბუაძე