34 მლნ-ზე მეტი ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან,13 მლნ-ზე მეტი საიდუმლო შესყიდვებიდან - TI ჯაფარიძის ნათესავების კომპანიაზე

გამოქვეყნდა:

ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში

ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

ამასთან დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა.

"საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. ალეკო ხვისტანი მმართველი პარტიის შემწირველი და შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, 50% წილს კი მისი მეუღლე მაია ჭელიძე ფლობს. ხვისტანების ოჯახი კომპანიას 2015 წლიდან ფლობს.

შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. აქედან  6,549,941  ლარის ღირებულების 6 ტენდერში კომპანიამ მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ალეკო ხვისტანი კომპანიის წილის მფლობელი გახდა. შემდგომში მან ეს წილი მეუღლეს დაუთმო, თავად კი დირექტორი გახდა.

შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი”, კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ, საიდუმლო შესყიდვებშიც მონაწილეობს. მართალია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული არც საიდუმლო ტენდერის საბოლოო ღირებულება და არც ხელშეკრულება, თუმცა შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისს” მომსახურების ღირებულებად ჯამში 13,077,076 ლარი აქვს შეთავაზებული",- ნათქვამია განცხადებაში.

ალეკო ხვისტანი და შპს “ელექტრო სერვის მოტაჟის” 50% წილის მფლობელი ბონდო ომიანიძე მსხვილი პოლიტიკური შემწირველიც არიან, მათ ჯამში 230,000 ლარის შეწირულება აქვთ გაღებული:

  • ალეკო ხვისტანმა 2014-2020 წლებში, პარტიას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ჯამში 110,000 ლარი შესწირა.
  • ბონდო ომიანიძემ 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი, 2020 წელს კი პარტია “ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს “ელექტრო სერვის მონტაჟის” ჩართულობა სახელწიფო შესყიდვებში  კითხვის ნიშნებს აჩენს. TI მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” მონაწილეობა შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო  ნიშნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი