სტიქიაა რაჭაში. ონის რაიონში, სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორა ადიდდა. გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი პატარა ღები. დაზიანებულია დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი გზა. საავტომობილო გზა წაიღო წყალმა სოფელ ნაკიეთთანაც. მძიმე მდგომარეობაა სოფელ უწერაშიც. ადიდდა მდინარე რიონი, წაიღო ხიდები უწერადან და გლოლადან. რამდენიმე სოფელში მისვლა ამ დროისთვის შეუძლებელია.
რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ რაჭაში ადიდდა მდინარეები და 12 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დატბორილია სახლები, დახოცილია მოსახლეობის კუთვნილი შინაური პირუტყვი. წაღებულია ხიდები და განადგურებულია სახნავ-სათესი ნაკვეთები.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის ზარალი მიადგა ონის რაიონს.