ზუგდიდის მერიის შენობა ბლოკირებულია. ბიზნესმენი მანანა მიქავა მერიის შესასვლელ კარებთან ჩადგა და შენობაში არც ერთი თანამდებობის პირი არ შეუშვა. ბიზნესმენი მიქავა ზუგდიდის მერს საბუთების გაყალბებასა და მიწის წართმევაში ადანაშაულებს. ჯერჯერობით მერიაში არ გამოჩენილა ქალაქის მერი გეგა შენგელია.
შპს "აკვაპარკის" იურისტის თქმით, ზუგდიდის მერიის მიერ გაყალბებული დოკუმენტი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაურა მიქავასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ჩაიდო საქმეში. სწორედ ამ დოკუმენტის სასამართლოს წესით გამართლების შემდეგ გადაიფორმა მერიამ ბიზნესმენის საკუთრება - ქალაქის ცენტრში მდებარე 9 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი.
ბიზნესმენის მტკიცებით, მიწის ნაკვეთით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. წინასწარი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ივანიშვილს ბიზნესცენტრის აშენება უნდა.
მოსამართლე ლაურა მიქავა კი აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ დააწინაურეს და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის საქმეთა მოსამართლედ დანიშნეს.