რესპუბლიკურში პროტესტი გრძელდება - ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის ხელმძღვანელობას ხვდებიან

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება. ამ წუთებში კლინიკის ხელმძღვანელობა და მედიკოსების ნაწილი კი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც 1 საათზე მეტია მიმდინარეობს, ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ილია ღუდუშაური და თამარ გაბუნია, ასევე რესპუბლიკური კლინიკის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი. შეხვედრის დაწყებამდე არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი, რომელიც 11 დღეა მიმდინარებს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. მედიკოსები მოითხოვენ სახელმწიფო დაუბრუნდეს კლინიკის რეაბილიტაციის პირვანდელ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რეკონსტრუქციის პარალელურად კლინიკის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას. ასევე ითხოვენ საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის გადადგომასა და პრემიერმინისტრთან შეხვედრას.

კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს არ ენდობიან.

"არანაირი ნდობა არ მაქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და მათი წარმომადგენლების მიმართ, ვინაიდან მაქვს მაგალითი ონკოლოგიური კლინიკის, ბავშვთა ინფექციურის და იმის ილუზია, რომ ჩვენ იმ პერიოდში, როცა ამ კლინიკის დემონტაჟი მოხდება, ვინმე კომპენსირებას გადაგვიხდის, ეს პირადად ჩემთვის აბსურდია. რა მოლოდინები მაქვს დღევანდელი შეხვედრისგან ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან წინა შეხვედრის შემდეგ დავრჩით აბსოლუტურად პასუხგაუცემელი შეკითხვებით", - თქვა რესპუბლიკური კლინიკის თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილი მისწერეს, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ "სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით". კლინიკის თანამშრომლები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, "არ დაუშვას ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა".

კლინიკის თანამშრომლების პროტესტის საპასუხოდ, 27 მარტს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. 

კლინიკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე 1 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო პასუხისმგებლობას აიღებს დასაქმებულებზე.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი