რესპუბლიკურ კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე 2 საათია გრძელდება. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებებს ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები: ილია ღუდუშაური და თამარ გაბუნია, კლინიკის ხელმძღვანელი - ზაზა ავალიანი და კლინიკის მედპერსონალი.
კლინიკის თანამშრომლების ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მოთხოვნების შესრულებას და ავალიანის თანამდებობიდან გადაყენებას არ აპირებს.
"აზრი არ აქვს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეგვიცვალეთ დირექტორი მოვალეობის შემსრულებლად რომ ჰყავთ გამოშვებული, ამ ადამიანს შეუწყვიტონ ეს სამივლინებო, ჩვენ არ გვინდა-თქო ამას ვლაპარაკობთ, მაგრამ პასუხი გვაქვს იგივე, რა აზრი აქვს რას უნდა მოვუსმინოთ იმის იქით. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს იგივე პოზიცია, რომ ეს არის ჩვენი დირექტორი და მორჩა", - თქვა რესპუბლიკური კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
თავად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
შეხვედრის პარალელურად რესპუბლიკურ კლინიკაში პროტესტი გრძელდება. კლინიკის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია:
შეგახსენებთ, 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილი მისწერეს, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ "სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით". კლინიკის თანამშრომლები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, "არ დაუშვას ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა".
კლინიკის თანამშრომლების პროტესტის საპასუხოდ, 27 მარტს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება.
კლინიკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე 1 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო პასუხისმგებლობას აიღებს დასაქმებულებზე.